საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე ბასილაშვილის დაცვის მხარეს მიმართავს, საჯაროდ დაეთანხმონ დოროყაშვილი-ბასილაშვილის საქმის მასალების გასაჯაროებას.
„მივმართავ ბასილაშვილის მხარეს და მის წარმომადგენლებს. არც ერთხელ არ გვიკადრია მტკიცებულებების გამოქვეყნება, რომელიც უამრავია, ვიდეოებით დაწყებული, მიმოწერებით გაგრძელებული, ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეები და ა.შ., რომელიც, პირდაპირ გეტყვით, ვინც გვლანძღავთ, შეიცვლით აზრს და შეგრცხვებათ, მაგრამ ეს არ არის პრობლემა.
მივმართავ მათ ბასილაშვილის დაცვის მხარეს, ეს არის სისხლის სამართლის მასალები, რომელზეც ვრცელდება მკაცრად პერსონალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულება. ჩვენ რომ არაეთიკურები ვიყოთ, დღეს მედიაში იქნებოდა ბევრი მასალა, რომელიც ჩვენ ამოგვასუნთქებდა. ეს არ ვიკადრეთ და არ ვიკადრებთ, ოღონდ უკვე ვართ ისეთ პოზიციაში, თითქოს ჩვენ ვიტყუებით და ამას მხარს უჭერს და ახალისებს მოწინააღმდეგე მხარე.
პირდაპირ ვეუბნები, კანონი ითხოვს თქვენს თანხმობას, რომ მე გამოვაქვეყნო საქმის მასალები, მათ შორის ისეთი მასალები, რომელიც ხალხს აჩვენებს როგორი მოძალადეა ნიკოლოზ ბასილაშვილი. საჯაროდ გთხოვთ დამეთანხმოთ, მომცეთ ნება გავასაჯაროვო სისხლის სამართლის მასალები.
თუ ამ თანხმობას საჯაროდ არ მეტყვით, გასაგები იქნება რას ერიდებით. თუ ამას არ გააკეთებთ, ჩვენი პირადი უსაფრთხოების დაცვისთვის შეიძლება მოგვიწიოს ამის გაკეთება,“ – განაცხადა ანა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე კომენტარები გაკეთდა პარლამენტშიც. დეპუტატების ნაწილმა განაცხადეს, რომ ბასილაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას ვერაფრით დაიჯერებენ.