პარტიები – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“ სახალხო დამცველის შერჩევის წესზე მმართველ გუნდთან დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას არ დაესწრებიან.
მათი განცხადებით, ისინი არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებში ჩაერთვებიან და შესაბამისად, მხარს მათ მიერ შერჩეულ კანდიდატს დაუჭერენ.
ოპოზიციის ამ გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ სამივე პარტია ერთი დირიჟორის გადაწყვეტილებით მოქმედებენ და რომ სახალხო დამცველის კანდიდატი მხოლოდ არასამთავრობო სექტორმა არ უნდა შეარჩიოს.
რას ამბობს საპარლამენტო ოპოზიცია
„ლელომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე დახურული კონსულტაციები გამართეს უკვე გამართეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, მისი პარტია პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით შეხვედრას არ დაესწრება და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას დაუჭერენ მხარს.
„დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ სახალხო დამცველის არჩევასა და წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენი ფრაქცია და ოპოზიციის დიდი ნაწილი დღევანდელ სხდომას, სამუშაო ფორმატში შეხვედრას არ დავესწრებით. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას. ისინი კანდიდატის შერჩევაზე უკვე მუშაობენ და მათ შერჩეულ კანდიდატს მხარს დავუჭერთ.
ჩვენი ფრაქცია მზადაა, წარადგინოს ეს კანდიდატი. ჩვენ ვართ ერთადერთი დიდი ოპოზიციური ფრაქც“ია. გარდა ამისა, ჩვენ ფორმალურ შეხვედრებზე, რაც გულისხმობს ბიუროსა და კომიტეტებზე საკითხის განხილვას, მზად ვართ ჩავერთოთ ამ დისკუსიაში. მანამდე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დასწრების აზრს ვერ ვხედავთ და ეს პოზიცია არ შეცვლილა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ისინი ასევე დაელოდებიან NGO-ების მიერ შერჩეულ კანდიდატებს და მათგან აარჩევენ, ისეთს, რომელსაც მხარს დაუჭერენ.
„სრულად ვენდობით სამოქალაქო წრის მიერ ინიცირებულ პროცესს… მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ფლანგზე სწორედ ეს პროცესი იქნება გაზიარებული. როგორც მინიმუმ, ყველა, ვისაც ვესაუბრეთ ამ პოზიციაზეა. „ქართულ ოცნებასთან არაფორმალურ შეხვედრაზე არაფერი განსახილველი არ გვაქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ამ ნაწილის შეხვედრას არ ესწრებოდნენ „გირჩის“, „მოქალაქეებისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრები.
რას აცხადებენ უმრავლესობაში
საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად სახალხო დამცველის არჩევის წესზე სამუშაო ჯგუფი დღეს იმსჯელებს, სადაც, სავარაუდოდ, ოპოზიციის მეორე ნაწილი მონაწილეობას მიიღებს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ომბუდსმენის კანდიდატი მხოლოდ არასამთავრობო სექტორმა არ უნდა შეარჩიოს.
„მე არ შემიძლია ვთქვა, რომ რომელიმე კონკრეტული შეხედულება, მაგალითად, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხის ირგვლივ, გახლავთ უალტერნატივო. შესაბამისად, ამას განხილვა და დისკუსია არ სჭირდება. რასაც გვთავაზობენ, რომ ულტიმატუმის სახით ვინმემ წამოაყენოს კანდიდატურა და ამაზე დათანხმებით იყოს შებორკილი ყველა პოლიტიკური აქტორი, არ მგონია, იყოს სწორი“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთი დირიჟორის გადაწყვეტილებით, ერთად მოქმედებენ:
„როგორც ჩანს, ამ ამბავს ერთი დირიჟორი ჰყავს – ვიღაცამ გადაწყვეტა, რომ შეხვედრას არ დაესწრონ და ნაცვლად იმისა, რომ რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტის შესრულებაში ჩაერთონ, რადიკალიზაციის გზას დაადგნენ.
აპარატს „ნაციონალური მოძრაობის“ დასტური ჰქონდა, რომ ხატია დეკანოიძე ამ შეხვედრას დაესწრებოდა, თუმცა შემდეგ საჯარო ინფორმაციების საშუალებით გავიგეთ, რომ გადათქვეს. ძალინ უცნაური იყო, როდესაც არდასწრების შესახებ ერთი და იგივე აზრი მოუვიდა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას – ვაშაძის პოლიტიკურ სუბიექტს და „ნაციონალურ მოძრაობას.“
„ლელოს“ დასტურიც გვქონდა. მაგრამ, თუ უსუფაშვილმაც თქვა, რომ არ დაესწრება, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ეს კლასტერი – „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთად მოქმედებენ, ერთი დირიჟორის გადაწყვეტილებით“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი იმის ლუსტრაციაა, რომ ოპოზიციის აღნიშნული ნაწილი ევრორეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტის შესრულებაზე უარს ამბობენ.
„ახსენეს ქუჩის პროტესტი და ეს, როგორც ჩანს, პირველი პუნქტის შესრულებას უწყობს ხელს – რა თქმა უნდა, ეს ირონიაა, იქიდან გამომდინარე, რომ დეპოლარიზაციის ნიშანწყალი მათ ქმედებებში არაა. მათ არ უნდათ ამ რეკომენდაციების შესრულება.
არცერთ ნაბიჯს არ დგამენ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. დღევანდელი დღე – შეხვედრაზე მონაწილეობის დილით დადასტურება და შემდეგ არმოსვლა იმის ლუსტრაციაა, რომ ისინი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთ-ერთი პუნქტის შესრულებაზე უარს ამბობენ“, – დასძინა მიდნარაძემ.
როგორც მანვე აღნიშნა, სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით კომპრომისების გზით კონსენსუსამდე უნდა მივიდნენ. მდინარაძის თქმით, იმუშავებენ, რომ მისაღები კანდიდატი იყოს არჩეული.
„ოპოზიციის ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა მოთხოვნა იყო, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესი იყოს ინკლუზიური და მაქსიმალურად გათვალისწინებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა.
მათი დიდი ნაწილი ამბობდა იმასაც, რომ რეგლამენტის შესაბამისად, წარმდგენი უნდა იყოს პოლიტიკური სუბიექტი – ფრაქცია ან პოლიტიკური ჯგუფი. ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებს მოვისმენ და დღის ბოლომდე ჩვენეულ ხედვას გაგაცნობთ, რომ პროცესი პროცესისთვის არ იყოს.
შედეგზე ორიენტირებული უნდა ვიყოთ, რათა ყველა პუნქტის შესრულება უზრუნველვყოთ. რისკები უნდა გამოვრიცხოთ, რაც არა მხოლოდ მმართველ გუნდზეა დამოკიდებული. გულწრფელად რომ გითხრათ, ოპოზიციის ამ ნაწილთან პროცედურებზე უფრო მარტივად შეიძლება, შევთანხმდეთ, ვიდრე კანდიდატებზე. ასე მარტივად ეს შეიძლება, ვერ მოხდეს.
მათ განსხვავებული აზრი და დამოკიდებულება აქვთ. „ევროპელი სოციალისტები“ ამბობდნენ, რომ წინა შემთხვევა უნდა გამოირიცხოს. წინა შემთხვევად მიაჩნიათ ის, რომ სახალხო დამცველად პირდაპირ „ნაცი“ დავსვით და ასეთი არ უნდა დაგვემართოს. სხვები სხვაგვარად თვლიან.
შეიძლება, კანდიდატებზე უფრო მეტი პრობლემა შეგხვდეს, კომპრომისების გზით კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ. ვიმუშავებთ, რომ მეტ-ნაკლებად მისაღები კანდიდატი იყოს არჩეული.“ – დაამატა მდინარაძემ.
ევროკომისიის რეკომენდაცია – „ზეგავლენებისგან თავისუფალი“ სახალხო დამცველი
ცნობისათვის, დღეს სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის შეხვედრა გაიმართება.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პირობიდან ერთ-ერთი სახალხო დამცველის არჩევას ეხება. ევროკომისიის პირობაში წერია, რომ „ახალ სახალხო დამცველად დაინიშნება დამოუკიდებელი ადამიანი“; „დანიშვნა იქნება გამჭვირვალე“, ხოლო „მისი სამსახური – ზეგავლენებისგან თავისუფალი.“
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, სახალხო დამცველის კანდიდატს წარადგენენ ფრაქციები და უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი. მისი არჩევა სულ მცირე 90 პარლამენტის წევრის მხარდაჭერა სჭირდება. მხოლოდ საკუთარი მანდატებით, ამას „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ მოქმედ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას 6-წლიანი ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. იგი თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა.
სახალხო დამცველის ასარჩევად კენჭისყრა არა უგვიანეს 1 დეკემბრისა უნდა შედგეს.