“გამოჟონილმა დოკუმენტებმა, მათმა მოცულობამ, ინფორმაციის დეტალურობამ, რასაც რიგითი მოქალაქეების თაობაზე სახელმწიფო აგროვებს, სიმართლე გითხრათ, მე შოკში ჩამაგდო”,- ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ სავარაუდოდ, სუს-ის ფაილებთან დაკავშირებით განაცხადა.
სახალხო დამცველის შეფასებით, ჩანაწერები ადასტურებს, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენებია.
ნამდვილად არ ველოდი, რომ შესაძლებელია არასაჯარო პირის შესახებ, მისი პირადი ცხოვრების, პირადი კომუნიკაციის შესახებ ამდენი ინფორმაცია გროვდებოდეს უწყებაში. კითხვები ნამდვილად არ მაქვს, ეს დოკუმენტები ადასტურებს, რომ ტოტალური მოსმენებია ნამდვილად…
ეს ხდება იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს ინსტიტუტები. სუს ამას აკეთებს იმის გამო, რომ ჩვენთან არცერთი დემოკრატიული ინსტიტუტი რეალურად არ მუშაობს, პირველი რიგში, პარლამენტი. ნებისმიერ ქვეყანაში პირველი რაც მოხდებოდა, მსგავსი სკანდალის შემდეგ შეიქმნებოდა საგამოძიებო კომისია პარლამენტში და მეორე დღესვე დაიბარებდნენ უსაფრთხოების სამსახურის უფროსს […]
საშინელ, საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გულწრფელად ვფიქრობ, რადგან ამ ტიპის კონტროლს, რომლის მასშტაბის შესახებაც წარმოდგენაც არ მქონდა, ვერც წარმოვიდგენდი. შეიძლება ვუშვებდი და ყველა ვუშვებდით, რომ პოლიტიკურად აქტიური პირების ან საჯარო პირების მიმართ ასეთი რამ ხდებოდა, მაგრამ ყველა მოქალაქეზე თუ შეიძლებოდა ამხელა ინტერესი ყოფილიყო და ამდენი რესურსი იხარჯებოდა სახელმწიფოს მხრიდან, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო”, — თქვა ლომჯარიამ პალიტრანიუსის ეთერში.