„ყურადღებით გავეცანით სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშს. რეკომენდაციების ნაწილის შესრულება უკვე დაწყებული გვაქვს,“ – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, განაცხადა.
მეზვრიშვილის ინფორმაციით, უწყებაში უკვე მიმდინარეობს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რისკის შეფასების სისტემის და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა, დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და იზოლატორებში ტექნოლოგიების განახლება. ეტაპობრივად შესრულდება სხვა რეკომენდაციებიც.
რაც შეეხება იზოლატორებში დაზიანებით შესახლებულ პირთა რაოდენობის ზრდას, ნათია მეზვრიშვილის თქმით, შემცირებულია დაკავების დროს ან დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების შემთხვევები.
„2016 წელს დაიხვეწა დაზიანებების დაფიქსირების ფორმები და გამოვლენის მეთოდები. ჩვენმა სამედიცინო პერსონალმა გაიარა ინტენსიური გადამზადება. განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რამაც ხელი შეუწყო დაზიანებების ეფექტიან გამოვლენას.
„რაც შეეხება დაზიანებებთან დაკავშირებით პოლიციის მიმართ პრეტენზიებს. სახალხო დამცველის ანგარიში ასახავს მხოლოდ სტატისტიკას. გაცილებით მნიშვნელოვანია თითოეული ფაქტის შინაარსობრივი ნაწილი. ხშირად პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მთავარი ის არის, რომ ყველა პრეტენზიის შესახებ შეტყობინება დაუყოვნებლივ იგზავნება პროკურატურაში,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.