სახალხო დამცველის ახალი მოადგილის, ნათია ჯულაყიძის განცხადებით, ის ლევან იოსელიანთან წლების განმავლობაში მუშაობდა და პარტია „მოქალაქეების“ პოლიტიკური საბჭოს წევრიც იყო.
ნათია ჯულაყიძე ადასტურებს, რომ ის პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დისშვილია:
„კი, მე და ალეკო ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ, ალეკო არის ჩემი ბიძა, ბიძად მეკუთვნის, მისი დისშვილი ვარ. მე უბრალოდ პარტიის ერთ-ერთი წევრი ვიყავი და იქიდან გამომდინარე, მანამდე, ლევანთანაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი, ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთად ვმუშაობდით.
აქედან გამომდინარე, მეც, როდესაც დააარსეს ეს პარტია, ჯერ როგორც აქტიური მხარდამჭერი, ისე ვეხმარებოდი და მერე როგორც უბრალოდ რიგითი წევრიც, ვიყავი პარტიის. კი, პოლიტიკურ საბჭოშიც ვიყავი.“ – განაცხადა ნათია ჯულაყიძემ.
ჟურნალისტის მიერ კითხვაზე, ერთ დღეს, რომ ალეკო ელისაშვილმა დისკრიმინაციული განცხადება გააკეთოს, გააკრიტიკებს თუ არა მას, ომბუდსმენის მოადგილემ უპასუხა, რომ ამას აუცილებლად გააკეთებს:
„აუცილებლად გავაკრიტიკებ, გავაკრიტიკებ ალეკოს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ოდესღაც, სადღაც ერთი და იმავე ღირებულებებს ვიცავდით და რავი, ნებისმიერ ადამიანს.
ალეკომ კი არა, საკუთარი დედა, საკუთარი მამა და ძმა რომ იყოს დისკრიმინაციული განცხადებების ავტორი, არ შემიშლის ხელს, პირიქით, ძაან ესეთი სწორხაზოვანი ვარ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში. ვიქნები პირველი, ვინც გააკრიტიკებს საკუთარ ოჯახის წევრს.“ – ამბობს „tv პირველთან“ ლევან იოსელიანის ახალი მოადგილე.
შეგახსენებთ, დღეს, ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველის ახალი მოადგილეები წარადგინა.
