ომბუდსმენმა „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ აკრძალვის მიზნით კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა.
როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, აღნიშნული პარტია 2021 წლის 5 ივლისის უკანონო ქმედებების და ფართომასშტაბიანი ძალადობის ორგანიზატორებმა შექმნეს, რომელთა მრავალი წინარე და შემდგომი განცხადება კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს შეიცავს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას.
“ვინაიდან სახალხო დამცველს არ აქვს ამ საფუძვლით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება, სარჩელის პროექტი წარვუდგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის რამდენიმე უფლებამოსილ სუბიექტს და იმედს ვიტოვებთ რომ მათ მიერ მოხდება სამართალწარმოების ინიცირება სასამართლოში”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სახალხო დამცველის შეფასებით, „[5 ივლისის] მძიმე დანაშაულის ჩადენიდან ერთი წლის თავზე, დანაშაულის ორგანიზატორები არ დასჯილან და ახალ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობენ. სახალხო დამცველის სამართლებრივი შეფასებით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ამსახველი, საჯარო ვიდეომასალები თავისუფლად აღწევს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რათა თუნდაც ზურაბ მახარაძის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით.
თუმცა, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის გასვლის შემდგომაც კი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურას არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია. დევნა არ დაიწყო არც სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ, რომელიც ასობით ადამიანს ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდებდა“, – აცხადებს სახალხო დამცველი.
ომბუდსმენი ხაზს უსვამს იმას, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ერთ-ერთ წინაპირობად სწორედ მოწყვლადი ჯგუფების დაცვა და მოძალადეებისა და ძალადობის ორგანიზატორებისადმი უფრო შედეგიანი მართლმსაჯულების განხორციელება არის.
ვიდეო: „5 ივლისი შერჩათ“ – რას ჰყვებიან დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისის მოვლენებიდან 1 წლისთავზე
ზუსტად ერთი წლის წინ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დააორგანიზეს ძალადობა — აქტივისტების ოფისები დაარბიეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს. ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.