LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახე(ლ)ები The New York Times-სთან ერთად საერთაშორისო მედიაპროექტებს მოამზადებს

344
1

საგამომცემლო სახლი სახე(ლ)ები „ნიუ იორკ ტაიმსთან“ ითანამშრომლებს. მიმდინარე წლის 17 აპრილს სახე(ლ)ების სარედაქციო ჯგუფი The New York Times-ს ესტუმრა.

შეხვედრაზე, რომელიც „ნიუ იორკ ტაიმსის“ სალიცენზიო ჯგუფის მიწვევით შედგა, ხელი მოეწერა სამ ახალ ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულებების თანახმად, 2019 წელს „სახე(ლ)ები“ საქართველოში „ნიუ იორკ ტაიმსთან“ ერთად სამ საერთაშორისო მედიაპროექტს მოამზადებს და გამოსცემს: „The Big Ideas/დიდი იდეები,“ „კუბა – რევოლუცია 60“ და „Turning Points/გარდამტეხი მომენტები – 2020“.

შეგახსენებთ, „სახე(ლ)ების“ და „ნიუ იორკ თაიმსის“ თანამშრომლობა პირველად გასულ წელს შედგა, როცა სახე(ლ)ებმა საქართველოში პირველად „ნიუ იორკ ტაიმსის“ საერთაშორისო მედიაპროექტი „Turning Points/გარდამტეხი მომენტები“ გამოსცა.

მასპინძლებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოს მიმართ და გამოთქვეს სურვილი და მზაობა ახლო მომავალში საქართველოში ვიზიტის შესახებ.

„ნიუ იორკ ტაიმსის“ პროექტების ლიცენზიებისადმი ჩვენი ინტერესი მხოლოდ ბიზნესინტერესი არაა, ესაა პირველ რიგში საუკეთესო შანსი, რომ თქვენთან ერთობლივი მედიაპროექტებით ვუამბოთ დანარჩენ სამყაროს ჩვენი ქვეყნის, და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შესახებ, საქართველოდან“, – განაცხადა ხელშეკრულებაზე ხელისმოწერისას „სახე(ლ)ების“ გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა ნანა აკობიძემ.

თავის მხრივ, „ნიუ იორკ თაიმსის“ ვიცე-პრეზიდენტმა და სალიცენზიო ჯგუფის უფროსმა ალისა ტინგმა მადლობა გადაუხადა ქართულ საგამომცემლო სახლს სხვა ლიცენზიანტ ქვეყნებს შორის ყველაზე შთამბეჭდავი გამოცემისთვის და თანამშრომლობისთვის.

„Turning Points/გარდამტეხი მომენტები“-ს გასული წლის გამოცემებთან ერთად, სტუმრებმა მასპინძლებს „სახე(ლ)ების“ სპეციალური პრიზი გადასცეს: „გმადლობთ განვითარების საშუალების მოცემისთვის“ – აწერია პრიზს, რომელზეც სიტყვა „მადლობა“ „სახე(ლ)ების“ ლოგოსთან ერთად, ქართულადაა ამოტვიფრული.

„ნიუ იორკ ტაიმსს“ რედაქციას საჩუქრად გადაეცა ასევე ქართველი მხატვრის მაია ჯიმშელეიშვილის ნამუშევარი და კომპანია „ბადაგის“ მიერ სპეციალურად მომზადებული ქართული ნუგბარის ნაკრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები