თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი 92%-ით სრულდება კვების ობიექტებში, ხოლო სახელმწიფო დაწესებულებებში კონკრეტული პირების ოთახებში ჩუმად მოწევის ფაქტები ფიქსირდება, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ კუთხით გარკვეული პრობლემები სკოლებშიცაა.
„სამი თვის განმავლობაში, მოწევის ფაქტებთან დაკავშირებით იყო 167 გამოძახება და დაჯარიმდა 160 როგორც ორგანიზაცია, ასევე ფიზიკური პირი. რა თქმა უნდა, ეს ზღვაში წვეთია. შეიძლება დარღვევა უფრო მეტი იყო, თუმცა, ჩვენ საქართველოს მასშტაბით 100 მონიტორი გვყავს. ჩვენი მონიტორები ინტენსიურად ამოწმებენ სხვადასხვა ობიექტებს, არა მხოლოდ კვების ობიექტებს, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებსა და სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს.
მონიტორების ინფორმაციით, რესტორნებში, ბარებსა და კვების ობიექტებში შესრულების დონე არის 92%-იანი, რაც შეეხება სახელმწიფო დაწესებულებებს, ჯერ კიდევ გვაქვს პრობლემები, კონკრეტული პირების ოთახებში ჩუმად მოწევის ფაქტები ფიქსირდება, ეს ძირითადად ეხება გამგეობებს, ზოგიერთ სამინისტროსაც. ცოტა რთული მდგომარეობა იყო სკოლებშიც, იქაც ფიქსირდება როგორც ნამწვი, ასევე, სუნი,“ – განაცხადა ბახტურიძემ.