საახალწლოდ და არამარტო საახალწლოდ, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია. მე ვესტუმრე ჩვენი ქვეყნის მთავარ სადისპეჩეროს, სადაც მივიღე სრული გარანტიები, რომ ახალ წელს ვიქნებით ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ სტუმრობისას განაცხადა.
ქუმსიშვილმა დაათვალიერა საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, პირველია კავკასიის რეგიონში და პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო ინფორმაციას კომპანიის, მისი საქმიანობის, განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ.
ქუმსიშვილის განცხადებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ბოლო 5 წლის განმავლობაში პრაქტიკულად 700 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა იმისთვის, რომ ქვეყნის ელექტრომომარაგება და მისი სისტემა ყოფილიყო მდგრადი და ასევე გაზრდილიყო სატრანზიტო ფუნქციები.
„შემდეგი 10 წლის განმავლობაში მინიმუმ 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება მხოლოდ ძირითად ინფრასტრუქტურაზე, რამაც ჰიდრო და სხვა ელექტროსადგურებში დამატებით 5-6 მლრდ ევროს ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა უნდა წარმოქმნას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.