ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სახელმწიფო მზად არის ყველა სასტუმროსთან ითანამშრომლოს კარანტინის პროექტით.
ამის შესახებ მარიამ ქვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„144 სასტუმროდან აბსოლუტური უმრავლესობა არის მცირე და საშუალო სასტუმროები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან განსაკუთრებით რეგიონებში, სასტუმროებს კვლავ სჭირდებათ დახმარება. უმთავრესი ღირებულება ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, მაგრამ ამავდროულად კერძო სექტორთან ძალიან აქტიური თანამშრომლობით შევძელით და ამდენი სასტუმრო და ამდენი ადამიანი არის დღემდე ჩართული. ეს პროექტი გრძელდება, ჩვენ ღია ვართ. დღესაც მიმდინარეობს ახალ სასტუმროებთან თანამშრომლობის დაწყების პროცესი. მოვუწოდებ ყველა სასტუმროს დედაქალაქსა და რეგიონებში, რომელთაც დღეს შეიძლება სასტუმრო აქვთ დაკეტილი, სახელმწიფო მზად არის კარანტინის პროექტით ითანამშრომლოს ყველა სასტუმროსთან, რომლებიც აკმაყოფილებენ მინიმალურ კრიტერიუმებს, რათა ვირუსის პრევენცია მოხდეს. ერთიანი თანამშრომლობით შევძლებთ დავასაქმოთ კიდევ უფრო მეტი ადამიანი“, – განაცხადა მარიამ ქვრიშვილმა.
10 მარტიდან დაახლოებით 50 000-მდე ადამიანმა გაიარა კარანტინი.
კარანტინის პროექტში ჩართული იყო 144-მდე სასტუმრო და დასაქმებული იყო 3300-ზე მეტი ადამიანი.
ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ტურისტები: ნათია თურნავა
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ტურისტები, რომლებიც მიუნხენისა და პარიზის რეისებს ჩამოყვნენ, საქართველოში კარანტინის გავლის გარეშე შემოვიდნენ.
„მოხარულები ვართ, რომ ბრუნდებიან ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ავიაკომპანიები. გუშინ შესრულდა პარიზის რეისი. ბორტზე იმყოფებოდა 188 ადამიანი, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტები არიან. ბუნებრივია, მათ კარანტინის გარეშე დატოვეს აეროპორტი და ახლა უკვე მოგზაურობენ საქართელოში. იგივე პრინციპი გავრცელდა მიუნხენის რეისზეც. ამ რეისზეც ჩამოსული მგზავრების აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.