შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობისთვის ახალი სამსახური შეიქმნა. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. ახალი სამსახური იქნება ერთგვარი საშუამავლო რგოლი დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებელ შშმ პირთა შორის.
როგორც რადიო ”ფორტუნას” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა მარიკა ზაქარეიშვილმა განუცხადა, აღნიშნული სამსახურის შექმნის აუცილებლობა სწორედ დამსაქმებლების მხრიდან წამოსულმა დაინტერესებამ გამოიწვია. მისივე თქმით, სამინისტრომ 2015 წელს ჩაატარა კვლევა,
“დამსაქმებლები ამბობდნენ, რომ სურთ ხელი შეუწყონ სახელმწიფოსთან ერთად შშმ პირთა დასაქმებას, თუმცა სწორედ მათივე მოთხოვნა იყო, შექმნილიყო საშუამავლო რგოლი, რომელიც სისტემურად მიაწვდის მათ ინფორმაციას, სად არიან შშმ პირები, რა უნარ-ჩვევებს ფლობენ ისინი და რა კონკრეტული სამუშაო ადგილის შეთავაზება შეუძლიათ მათთვის” – აღნიშნა მარიკა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, 2013 წლიდან დანერგილი ინკლუზიური განათლების შემდეგ შშმ პირები ფლობენ ყველა საჭირო პროფესიულ უნარ-ჩვევას, რაც ამა თუ იმ სამუშაოს შესასრულებლად და დამსაქმებლის სტანდარტებისთვის არის საჭირო. რაც შეეხება თავად დასაქმების სამსახურისთვის შესარჩევ კადრებს, ვინაიდან საქართველოში ამ სფეროში ნაკლები გამოცდილებაა, ირლანდიელი და შოტლaნდიელი ექსპერტების რეკომენდაციით შემუშავდა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც უკვე მესამე დღეა კადრების შერჩევა მიმდინარეობს. პროცესში განათლების სამინისტროს მოწვევით მონაწილეობს შოტლანდიელი ექსპერტი მაიკლ ევანსი, მან დაარსა მხარდაჭერის დასაქმების სერვისი ევროპის მასშტაბით.
დასაქმების ხელშეწყობის ახალ სამსახურში შერჩეული კადრები, შესაძლოა, იყვნენ ნებისმიერი პროფესიის, მთავარია ჰქონდეთ უმაღლესი განათლება, ერკვეოდნენ შრომისა და დასაქმების ძირითად დოკუმენტაციაში. დასაქმების სამსახურის საბოლოოდ შერჩეული კადრების გადამზადება მოხდება როგორც საქართველოს მასშტაბით, ქართველი სპეციალისტების დახმარებით, ასევე იგეგმება თეორიული და პრაქტიკული სასწავლო ტური ევროპის რომელიმე ქვეყანაში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დასაქმების კუთხით კარგი გამოცდილება არსებობს.
შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის ახალი სამსახური, კადრების გადამზადების შემდეგ, მუშაობას სავარაუდოდ მარტიდან დაიწყებს.
