გასული წლის ბოლო თვეებში ევროპიდან ქართველების დეპორტაციას მასობრივი ხასიათი ჰქონდა. რამდენიმე ასეული ქართველი საფრანგეთიდან გამოაძევეს, შემდეგ გერმანიის ფედერაციაც მიჰყვა და ზუსტად ახალი წლის წინა დღეებში 41 ადამიანი დეპორტით გამოუშვეს სამშობლოში. დეპორტირების პრინციპს არ ჩამორჩება ისრაელიც, სადაც 2019 წელს საქართველოს საელჩოს გაუქმების შემდეგ, იქ მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა საბუთების მოწესრიგება ვერ მოახერხეს, რასაც ასეულობით ქართველის დეპორტაცია მოჰყვა.
2019 წლის ბოლო დღეებში ისრაელში მასობრივი შემოწმებების სერია დაიწყო და დააკავეს ათეულობით ქართველი ემიგრანტი. მათი უმრავლესობა სასტუმროებსა და კერძო დაწესებულებებში მუშაობდა. ყველა დაკავებული რამლეს ციხეში გადაიყვანეს, საიდანაც მოხდა მათი დეპორტაცია საქართველოში.
ისრაელის საელჩომ საქართველოში მუშაობა შეაჩერა
10-დღიანი გაუსაძლისი პირობები რამლეს ციხეში და „ჯოჯოხეთი დედამიწაზე“ – „ფორტუნას“ დეპორტირებული ქართველი დაკავების და ციხეში ყოფნის არაადამიანურ პირობებზე უყვება.
„სასტუმროში შემოვიდნენ, სადაც ქართველები ვმუშაობდით. ხელბორკილები დაგვადეს და რამლეს ციხეში გადაგვიყვანეს. ის ქართველები ვინც ისრაელში ვცხოვრობდით, საელჩოს გაუქმების შემდეგ, ვერ ვახერხებდით საბუთების მოწესრიგებას და შესაბამისად ვერ გავახანგრძლივეთ ჩვენი იქ ყოფნა ლეგალურად. უსაბუთო ქართველები პირდაპირ ციხეში წაგვიყვანეს, სადაც მე 10 დღე ვიმყოფებოდი, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ. ეს იყო ჯოჯოხეთი დედამიწაზე. ერთ ადგილიან საწოლზე რამდენიმე ადამიანს გვეძინა. გაუსაძლისი პირობები. უნიტაზი პირდაპირ ცხვირთან მედგა. სრული ანტისანიტარია, ტარაკნები სახეზე დამდიოდნენ. სიბინძურე იყო ენით აუწერელი. 10 დღის განმავლობაში მხოლოდ 3 კიტრი და რამდენიმე ცალი ბულგარული წიწაკა ვჭამე. წყალს ვერ ვსვამდით, ბინძური იყო. სამშობლოში ძლივს ჩამოვიტანე სული. ჩამოსვლას ისედაც ვაპირებდი, მაგრამ ასეთი ჩამოსვლა არ მინდოდა. სამშობლოში დაბრუნებულს ფსიქოლოგის დახმარება დამჭირდა. ის პირობები, რაც რამლეს ციხეში იყო, მხოლოდ ფილმებში მაქვს ნანახი“ – ლელა.
ქართველი ემიგრანტები, რომლებმაც ახალი წელი ციხეში გაატარეს, უკვე საქართველოში ჩამოვიდნენ. რამდენიმე დღეში ლელამ საქართველოში სამსახური უკვე იპოვა და როგორც ამბობს, არ აპირებს კვლავ წასვლას უცხო ქვეყანაში.