საკონსტიტუციო ცვლილებების განმხილველი კომისიის მუშაობაში საპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს.
დეპუტატები ამ პროცესს “ფარსს” უწოდებენ და ამბობენ, რომ იმ კომისიაში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს, სადაც გადაწყვეტილება წინასწარ არის ცნობილი.
„რა აზრი აქვს მონაწილეობის მიღებას იმ კომისიაში, როდესაც წინასწარ იცი შედეგიან რომელი კომისია ყოფილა სადაც ოპოზიციის აზრი იყო გათვალისწინებული. აქ მონაწილეობა იმას ნიშნავს, რომ მხარს ვუჭერთ ამ კონსტიტუციას. ნაწილობრივ ცვლილებებს ვერ დავეთანხმებით და ვერ გავამართლებთ მთლიანობაში ამ უკიდურესად უარყოფით საკონსტიტუციო პროცესს,“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე და დასძენს, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია არ გაიზიარა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანის თქმით კი ის ფაქტი, რომ კონსტიტუცია მიღებისთანავე იცვლება და ამის ინიციატორები თავად მმართველი გუნდია ნიშნავს იმას, რომ ეს კონსტიტუცია არის ცუდი.
„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არსებითად მათ არ უნდათ შეცვლა არაფრის და მეტიც, ისინი ამბობენ, რომ არანაირ განხილვას არ ექვემდებარება დამატებითი მოთხოვნები და ის არსებითი მოთხოვნები, რომელიც აქვს მთლიანად ოპოზიციას, ამიტომ ამ ფარსში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ“-განაცხადა სერგო რატიანმა.