ცესკოს მიერ შედგენილი 15-კაციანი საკონსულტაციო ჯგუფის წევრების უმეტესი ნაწილი ვერ აკმაყოფილებდა კვალიფიციურობის, სანდოობის, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის კრიტერიუმებს, რის გამოც ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ საკონსულტაციო ჯგუფი დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „სირცხვილია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკონსულტაციო ჯგუფში ამჟამად 11 ორგანიზაციაა, აქედან 9 ცესკო-ს დაფინანსებას იღებს, რომელთა დამფუძნებლებიც აფილირებულები არიან მმართველ პარტიასთან და გამოირჩევიან პროსამთავრობო განცხადებებით.
„სირცხვილიას“ განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაციების მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური მიუმხრობლობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
როგორც „სირცხვილია“ წერს, საკონსულტაციო ჯგუფი ცესკო-ს საარჩევნო დავებზე რეკომენდაციებს წარუდგენს და ჯგუფი შესაძლოა ჩაერთოს კენჭისყრის შედეგების გადათვლის პროცესშიც.