საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრა, რომელსაც პრემიერ მინისტრი ხელმძღვანელობდა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიმდინარეობდა. საბჭოს წევრებმა ღონისძიებების შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით იმსჯელეს, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად განხორციელდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე ასობით კომპანიამ გააკეთა და ფუნქციონირება განაახლა უკვე ათობით საწარმომ, რომელმაც წესები დააკმაყოფილა. საბჭოს წევრების განმარტებით, მუშაობის პროცესში ისინი პერიოდულად რამდენჯერმე გადამოწმდებიან და იმ საწარმოებში, სადაც ხარვეზები გამოვლინდა, ინსპექტირება დამატებით განხორციელდება.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კოორდინაციით ხორციელდება. მინისტრმა განმარტა, რომ მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს.
მთავრობის გადაწყვეტილებით გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესიც. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, დღეს მორიგი სპეციალური რეისი მადრიდიდან შესრულდება.
დავით ზალკალიანის განცხადებით, სამშობლოში უკვე დაბრუნდა 8 563 მოქალაქე, ხოლო 17 072 მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება. ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისები შემდეგი განრიგით განხორციელება:
1 მაისი – ვენა-თბილისი
2 მაისი – პრაღა-ბათუმი
5 მაისი – ათენი-თბილისი
7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი
9 მაისი – ბერლინი-თბილისი
სხდომაზე ასევე იმსჯელეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და განიხილეს კორონავირუსის სტატისტიკა.