აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ბათუმთან, ბოლნისთან, დმანისთან, ზუგდიდთან, თელავთან, ლენტეხთან, მარნეულთან, მესტიასთან, ქუთაისთან, რუსთავთან, ოზურგეთთან, ტყიბულთან და ჩოხატაურთან, მუნიციპალიტეტების ცხოვრებაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდისთვის მუშაობას იწყებს.
დღეს USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ დაიწყო ახალი პროექტი – „საკრებულოების საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერება“, რომელსაც განახორციელებენ ადგილობრივი ორგანიზაციები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და ეგერია სოლუშენსი. USAID-ის ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს ბათუმის, ბოლნისის, დმანისის, ზუგდიდის, თელავის, ლენტეხის, მარნეულის, მესტიის, ქუთაისი, რუსთავის, ოზურგეთის, ტყიბულისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების საზედამხედველო და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის ახალი საზედამხედველო მექანიზმების დანერგვის გზით.
„აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობა, საკანონმდებლო შტოს მნიშვნელოვანი უფლებამოსილებაა, იმისათვის, რომ დარწმუნდეს, რომ კანონები სათანადოდ აღსრულდება და არ ხდება აღმასრულებელი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი განსაზღვრავს მექანიზმებს საკრებულოს წევრებისთვის, რათა განახორციელონ ზედამხედველობა ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოებზე და იყვნენ ანგარიშვალდებულნი თავიანთი ამომრჩევლების წინაშე. ქმედითი საკრებულო შეიძლება იყოს მექანიზმი მოქალაქეებისთვის, იმისთვის, რომ ზედამხედველობა გაუწიონ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას, უზრუნველყონ, რომ ადეკვატურად დააკმაყოფილონ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები. მრავალი კვლევა ხაზს უსვამს, რომ ზოგადად საკრებულოები სუსტ ზედამხედველობას ახორციელებენ აღმასრულებელ ორგანოებსა და მუნიციპალურ იურიდიულ პირებზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საკანონმდებლო ზედამხედველობა საქართველოში, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე, განვითარების ფაზაშია. ახალი პროექტის მეშვეობით ჩვენ შევეცდებით მხარი დავუჭიროთ საკრებულოებს ჩვენს პარტნიორ მუნიციპალიტეტებში, იმისთვის, რომ გააუმჯობესონ მათი ზედამხედველობის მანდატის შესრულება, მათ შორის ახალი მექანიზმების დანერგვით, როგორიცაა თემატური მოკვლევა და თემატური მომხსენებელი. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს საკრებულოს კომისიებს სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებას“, – მიხეილ დარჩიაშვილი, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ასევე წარმოადგინა საქართველოს 9 საკრებულოში (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, გორი, დუშეთი, რუსთავი, თელავი) ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიზანიც საზედამხედველო ფუნქციების და მოქალაქეთა ჩართულობის არსებული ინსტრუმენტების გამოყენების ანალიზი იყო.
„კვლევამ აჩვენა, რომ საზედამხედველო ფუნქცია ძალიან სუსტია. საკრებულოს წევრები მექანიზმებს ძალიან იშვიათად და ნაკლებად ეფექტურად იყენებენ. მეორე მხრივ, მერები და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სხვა ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები ხშირად არ ასრულებენ კანონის მოთხოვნებს. ასევე, ძალიან სუსტია მოქალაქეთა ჩართულობა. ჩართულობის ინსტრუმენტები გამოიყენება მხოლოდ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში“, – ნონა ქურდოვანიძე, საიას თავმჯდომარე.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, მუნიციპალიტეტების, განვითარების პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აკადემიის წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნეს USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ნანიკო წიკლაურმა, საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ და ეგერია სოლუშენს-ის თანადამფუძნებელმა თამარ ხულორდავამ.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად. პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით და მხარს უჭერს შესაბამის ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში. პროგრამის საშუალებით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარს დაუჭერს, სულ მცირე, 22 მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს დამატებითი მუნიციპალიტეტების ჩართვას სასწავლო, გამოცდილების გაზიარების და ინფორმაციის გაცვლა-გავრცელების აქტივობებში.
USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: აშშ წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 30 წელი პარტნიორობის პერიოდში, USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia