LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა უხანგრძლივდება

135
სურსათი

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა განმარტა, ქვეყანაში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს და წაახალისებს სურსათის შეწირულობას და ეს კანონპროექტი ამ საკითხის გადაწყვეტას ითვალისწინებს.

„ინიციატივა მიმართულია იქითკენ, რომ საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა გაუხანგრძლივდეს და ადამიანებს მათი გამოყენების შესაძლებლობა გაუჩნდეს. კანონპროექტის მთავარი მიზანი სურსათის ნარჩენად ქცევის თავიდან აცილებაა“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით განხილვის დროს ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდა, მათ შორის, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდანაც.

სხდომაზე კანონპროექტის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ შენიშვნებზე იმსჯელეს, მათ შორის, ტერმინთა განმარტებაში დაზუსტდა სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის განმარტება, რომელიც სავარაუდოდ, ბიზნესოპერატორით შეიცვლება, რათა სურსათის ეროვნულ სააგენტოს ზედამხედველობის განხორციელებაში პრობლემები არ შეექმნას.

ხატია წილოსანმა განმარტა, რომ კანონპროექტით ფიზიკურ პირს არ ეკრძალება გარკვეული დონაციის განხორციელება, განსაკუთრებით როდესაც ეს ჰუმანიტარული მიზნებისთვის არის განკუთვნილი.

კანონპროექტი ცალკეულ საგამონაკლისო შემთხვევებს არ გაითვალისწინებს და არაფორსმაჟორულ სიტუაციაში არსებულ შემთხვევებს დაარეგულირებს.

​კომიტეტმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები