LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ღვინიაშვილი: „როცა სახლში ვბრუნდები, ვარ დიასახლისი, ზურას და ჩემს შვილებს ჩემი მომზადებული კერძები მოსწონთ…“

40
სალომე-ღვინიშვილი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მოდელი, დიზაინერი და ტელეწამყვანი, სალომე ღვინიაშვილი. 

როგორი ბავშვობა გქონდა?

ბნელ 90-იანებში ვიზრდებოდი და ჩემი ოჯახის მადლობელი ვარ, რომ ფერადად და ლაღად მახსენდება ჩემი ბავშვობა. ახლა კი ვაანალიზებ, რა სირთულეებს გადიოდნენ ჩვენი ბებია-ბაბუები, თუმცა, რა თქმა უნდა, შემეხო ბევრი რამ, ჩვენც გვქონდა პერიოდები, როცა ბუხარში ვაკეთებდით საჭმელს, ისევე, როგორც ნახევარი საქართველო. ძალიან აქტიური ვიყავი, მიყვარდა სიახლეები, თუკი რაიმე ტარდებოდა, ყველაფერში ვმონაწილეობდი, ვაწყობდი კონცერტებს, ჩვენებებს, გადაცემები მიმყავდა. პატარა ასაკიდანვე დაიწყო ჩემი კარიერა, 15 წლის ვიყავი, როცა „მაგთის“ რეკლამაში გადამიღეს. ზურასთან ურთიერთობაც „მაგთის“ რეკლამით დაიწყო, იქ მნახა. პირველი წარმატება იყო მაშინ, როცა მაკა ასათიანის ჩვენებაზე გამოვედი, 15 წლის ვიყავი, დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემმა გამოჩენამ, მას მოჰყვა სარეკლამო გადაღებები, ჩვენებები და ასე გრძელდება დღემდე. ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ, მომავალში კიდევ ვფიქრობ, რაიმე დავიმატო.

როგორ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში ზურა?

უკვე ზრდასრული ვიყავი, 21 წლის ასაკში, თუმცა თვალი დიდი ხნით ადრე დამადგა. დამირეკა ასე სპონტანურად, მთხოვა შეხვედრა და მეც შევხვდი. მე მაშინ პარიზში ვიყავი, ზურა კი – შოტლანდიაში. მითხრა, რომ პარიზში ჩამოდიოდა, სავახშმოდ დამპატიჟა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. როგორ ლამაზადაც დაიწყო, ასევე ლამაზად გრძელდება უკვე 18 წელი.

რაც შეეხება შვილებს, სანამ წამოიზრდებოდნენ და წავიდოდნენ სკოლაში, ის დრო მთლიანად გავატარე მათთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩვენი შვილები უკვე დიდები არიან და ორივეს ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა და გვაქვს, მეც და ზურაც თანაბრად და მაქსიმალურად ვიყავით ჩართულები მათ აღზრდაში.

რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, როდესაც ორივე რეალიზებულია, იქ კითხვები არ ჩნდება. მეტსაც გეტყვით, ახლა ბევრად უკეთ გვესმის ერთმანეთის და უფრო მეტადაც კი გვიყვარს.

რომელია შენი საყვარელი ბრენდი?

ასე ვერ ვიტყვი, გამიჭირდება, შეიძლება, ერთ დღეს ერთზე გავგიჟდე, მეორე დღეს – მეორეზე, ალბათ „ივ სენ ლორანს“ გამოვყოფდი. ძალიან არ მომწონს ტენდენციას აყოლილი ადამიანები, ვფიქრობ, რომ საკუთარი სტილი არ უნდა დავკარგოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე მოდაშია, ეს დანაშაული მგონია. როცა ადამიანს სტილის შეგრძნება აქვს, შეუძლია მეორადებშიც მაგრად ჩაიცვას. რასაც ქართველები კარგად ვახერხებთ, ქართველებს სტილის ძალიან კარგი შეგრძნება გვაქვს.

სალომე და ტელევიზია…

სხვათა შორის, გამოცდილება მანამდეც მქონდა, გადაცემა „მარიაჟი“ მიმყავდა, პატარა ვიყავი. ძალიან მომწონდა, თუმცა შემდეგ დიდი კვეთა აღარ მქონია. წლების შემდეგ მიმყავდა მოდელებზე რეალური შოუ – „ტოპ-გოგო“.  უკვე 7 წელია, რაც „პრაიმ შოუს“ წამყვანი ვარ, ნოესი მადლიერი ვარ, რომ ამის საშუალება მომცა. თავდაპირველად ძალიან ვნერვიულობდი.

ვინ არის შენი პირველი შემფასებელი?

ნებისმიერ საკითხში, ეს არის ზურა. ის თავის აზრს მუდამ მეუბნება, ზოგჯერ ჩვენი მოსაზრებები არ ემთხვევა, თუმცა ეს ბუნებრივია. ერთმანეთს ვაძლევთ შენიშვნებსაც და რჩევებსაც.

სალომე და სამზარეულო…

რატომღაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ მე ვიყო დიასახლისი. როცა ჩემს საქმეს ვასრულებ, მივდივარ სახლში, ვარ ჩვეულებრივი დიასახლისი. სადილს ვამზადებ თავად. ცხადია, მყავს დამხმარე, თუმცა ის არ ამზადებს, იმიტომ რომ ჩემს შვილებს და ზურას ჩემი გაკეთებული მოსწონთ. ასე რომ, ჩვეულებრივად მაქვს ფქვილში ხელები…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები