„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ეხმაურება.
სალომე სამადაშვილის სიტყვებით, „ელენე ხოშტარიას დაკავება დღეს, არის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება, რომ ჩვენ გვმართავს რეპრესიული რუსული რეჟიმი“. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ქვეყანა მართოს.
„კალაძის ბანერი ამ რეჟიმისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იმიტომ, რომ დაუსჯელი რჩებიან კალაძის შტაბის მოძალადეები, რომლებიც ხალხს დაერივნენ სულ რამდენიმე დღის წინ. კალაძის ფიზიონომიის ამსახველი პლაკატის დაზიანებისთვის უკვე მეორე ადამიანი დააპატიმრეს, ამჯერად პოლიტიკოსი.
ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ამ რეჟიმს ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ქვეყანა მართოს. ისინი არიან შეშინებულები, დამფრთხალები და ყველანაირი წინააღმდეგობა, ეს იქნება საარჩევნო პროცესში, ქუჩაში თუ სხვაგან, არის წარმოუდგენლად დამაზიანებელი. ეს ნიშანი უნდა იყოს ყველასთვის, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით დავუპირისპირდეთ ამ კორუმპირებულ რეჟიმს და პირველ რიგში არ დავუშვათ კორუმპირებული კახა კალაძე გახდეს თბილისის მერი მესამე ვადით“, – თქვა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლთან დღეს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმე ეხება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერები დაზიანების ფაქტს.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.