LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: დღეს ვერავინ იტყვის, როგორ დაინიშნება არჩევნები, ეს კითხვა წარმოუდგენელიც არის, ეს მოხდება გარედან და შიგნიდან ზეწოლების შედეგად

260
სალომე ზურაბიშვილი

დღეს ვერავინ იტყვის, როგორ დაინიშნება არჩევნები, ეს კითხვა წარმოუდგენელიც არის, ეს მოხდება გარედან და შიგნიდან ზეწოლების შედეგად, არ არსებობს ქვეყანა და ისტორიული მაგალითი, როცა რეჟიმი არის სრულიად იზოლირებული თავისი მოსახლეობისგან, პარტნიორებისგან და ისე აგრძელებს თავის მმართველობას, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, არჩევნების შემდგომ მმართველმა პარტიამ მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიული ზომები და კანონები მიიღო.

„დღეს მივიღე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები, მათთან ერთად მივიღე იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ წარდგენილი ე.წ. პარლამენტში. დღეიდან მათი მანდატები გაუქმდა. ერთ-ერთი გზავნილი იყო, რომ დღეს საქართველოში რეალურად დასრულდა პოლიტიკური ცხოვრება, რადგან აღარ არის პოლიტიკური სივრცე. პარლამენტი თავისთავად აღარ არის პოლიტიკური სივრცე, კონსტიტუცია აღარ არსებობს, აღარ არის დაცული არც გამოთქმის, არც შეკრების უფლება. საუბარი იმაზე, რომ შეიძლება, ამ ქვეყანაში გავრცელდეს რაიმე პოლიტიკური ცხოვრება, პოლიტიკური წარმონაქმნი, წარმოუდგენელია, ვიდრე არ იქნება არჩევნები. ეს იყო მთავარი გზავნილი ამ ელჩებისთვის და მათი დედაქალაქებისთვის, რომ დღეს საჭიროა, როგორც არ განახლდა რეპრესიები, ასევე განახლდეს ზეწოლა ჩვენი პარტნიორებისგან ივანიშვილის რეჟიმზე, რუსული ყაიდის რეჟიმზე, რათა დაინიშნოს არჩევნები. დღეს ვერავინ იტყვის, როგორ დაინიშნება არჩევნები, ეს კითხვა წარმოუდგენელიც არის, ეს მოხდება გარედან და შიგნიდან ზეწოლების შედეგად. არ არსებობს ქვეყანა და ისტორიული მაგალითი, როცა რეჟიმი არის სრულიად იზოლირებული თავისი მოსახლეობისგან, პარტნიორებისგან და ისე გააგრძელოს თავისი მმართველობა. პატარა ქვეყანა არის საქართველო, ეს არ არის რუსეთი, რომელსაც შეუძლია რაღაცა პერიოდი და შეიძლება, დიდი პერიოდიც გაუძლოს სანქციებს. ამ ქვეყანაში ეს შეუძლებელია. ეს რეჟიმი უკვე არ მართავს ქვეყანას და ეს იყო მეორე გზავნილი. დღეს თუ გადავხედავთ, რა გადაწყვეტილებები არის მიღებული არჩევნების შემდგომ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიული ზომები და კანონები. ვერ დამისახელებთ ვერცერთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მართული იყოს ქვეყანა, რომ მიდიოდეს სადმე. არც საგარეო პოლიტიკა აღარ არსებობს. ის დაყვანილია მხოლოდ იმაზე, რომ საზოგადოებას მისცენ აღიარების ვითომცდა რაღაც ფორმები, ვიღაცას ხელი ჩამოართვან. ეს გაასაღონ როგორც ერთგვარი აღიარება. ასევე არანაირი შინაარსი არ გააჩნია ვიზიტებს. ასევე, ქვეყანაში არ არსებობს ეკონომიკა, გაჩერებული არის ყველაფერი. ინვესტიციები სრულად გაჩერებულია, აქაც გვაქვს ვითომც პოლიტიკა, ვითომ მემორანდუმი, ვითომ მილიარდები უნდა შემოიტანოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g