LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამადაშვილი: „ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო ამოიღოს იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომელიც ევროკავშირში უსაფრთხოდ ითვლება.. არსებობს სერიოზული საფრთხე, ბელგიას სხვა ქვეყნები მიჰყვეს“

195
სალომე სამადაშვილი

„ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო ამოიღოს იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომლებიც ევროკავშირში უსაფრთხო ქვეყნებად ითვლება“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, ბელგიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო,იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება კანონის უზენაესობას და საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს:

„ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის – როგორც იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვისაც საკუთარი ხელისუფლება ვერ იცავს – ლტოლვილის სტატუსის მინიჭება გამარტივებული პროცედურით მოხდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საგანგაშოა და გამოწვევა, რომელსაც ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს, ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმს უკავშირდება.

იმისთვის, რომ საქართველომ მრავალწლიანი შრომის შედეგად მიღებული ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეინარჩუნოს, ქვეყანა უსაფრთხო ქვეყნად უნდა ითვლებოდეს.

როცა ბელგია ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ბელგიას სხვა ქვეყნები მიჰყვეს და არც ის არის გამორიცხული, რომელიმე მათგანმა ევროკავშირის დღის წესრიგში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამუშავების საკითხი დააყენოს.

ჩვენი ქვეყნის რუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო ევროპულ ორბიტას საბოლოოდ ჩამოშორდეს.

მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლება ტაშით მიეგება ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ, საკუთარი პოლიტიკით საფრთხე შეუქმნა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას. ეს კიდევ ადასტურებს, რომ მთავარი ეროვნული ამოცანა ამ ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს“, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g