ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების 30 წლისთავზე, პოლიტიკოსებს ისეთი ექსტრემალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ, რომ პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედება მოახდინონ.
აღნიშნული განცხადება სამადაშვილმა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას შიმშილობის შესახებ დასმულ შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა და თქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან სირაქლემას პოზიციაში ყოფნა, დიდხანს ვერ გაგრძელდება.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების მხრიდან კონსილიუმის რეკომენდაციების გაზიარებაა.
„ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია, რომ პროტესტის ასეთი ექსტრემალური ფორმის გამოყენება ხდება მაშინ, როცა ერთი მხრივ, პოლიტიკოსს სურს განგაშის ზარი შემოკრას და მეორე მხრივ, ხედავს, რომ ამოწურა ყველა შესაძლებლობა, ზეგავლენა მოახდინოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე.
ჩემთვის სამწუხაროა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების 30 წლისთავზე ასეთი ექსტრემალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ პოლიტიკოსებს, რომ ზემოქმედება მოახდინონ პოლიტიკურ პროცესზე და ხელისუფლების მხრიდან სირაქლემას პოზიციაში ყოფნა, დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სულ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხვალ კონსილიუმი შედგება და ამ კონსილიუმის ყველა რეკომენდაცია ხელისუფლებამ სრულად უნდა შეასრულოს.
სხვა გამოსავალი არ არსებობს და ეს მისცემს შესაძლებლობას ელენეს და სხვებსაც ვისაც გამოცხადებული აქვს შიმშილობა, შეწყვიტონ შიმშილობის პროცესი,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.