ბაზარზე ჩირის ახალი სახეობები, უფრო კონკრეტულად კი საზამთროს ჩირი, ასევე ქლიავის, გარგარისა და ლეღვის ჩირი შოკოლადით მომავალი კვირიდან გამოჩნდება.
”ქარელის ჩირის” მწარმოებელმა „ქარელის აგრო-ინდუსტრიულმა კომპანიამ“ ჩირის აღნიშნული სახეობების წარმოება უკვე დაიწყო და პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში ჩასაშვებად ემზადება.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერმა თამარ რაზმაძემ განუცხადა, უკვე გადაწყვეტილია რომ ჩირის ახალი სახეობები ჰიპერმარკეტ ”გუდვილში” გაიყიდება. ამასთან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოში არსებულ ყველა დიდ სავაჭრო ქსელთან, სადაც ”ქარელის ჩირის” ბრენდის ქვეშ გამოსული ახალი პროდუქტი მომავალი კვირიდან გაიყიდება.
”ვაგრძელებთ პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას. სულ მალე ჩვენი მომხმარებელი შეძლებს შეიძინოს აბსოლუტურად ნატურალური, ყოველგვარი დანამატების გარეშე წარმოებული ჩირის ახალი 4 სახეობა- საზამთროს ჩირი, ასევე ჩირის სამი სახეობა (ლეღვი, გარგარი, ქლიავი) შოკოლადით, რომელიც იქნება სამარხვო პროდუქტი”, – აღნიშნა რაზმაძემ.
ცნობისთვის, ”ქარელის ჩირის” მწარმოებელი „ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანია“ 2015 წელს დაარსდა. კომპანია ამ დროისთვის 4 სახეობის ჩირს აწარმოებს და ქარხანას ქარელის რაიონში, მდინარე ძამას ხეობის ეკოლოგიურად სუფთა მიდამოებში ფლობს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია 100% ნატურალურ და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისაგან ჩირების დამზადება. საწარმოს მიერ გამოყენებული ნედლეული მოყვანილია ქარელის, გორის და ბაღდათის რაიონებში. კომპანიას ასევე აქვს 25 ჰექტარი სხვადასხვა ხეხილის ბაღები, საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაღებიდან მიღებული ნედლეული ასევე გამოიყენება წარმოებისათვის.