დღეს ბრიტანეთში სამეფო ქორწილია. პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი ჯვარს უინძორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ადგილობრივი დროით 12 საათზე დაიწერენ. დედოფალ ელისაბედის გადაწყვეტილებით, ქორწინების შემდეგ წყვილს საქსესის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტული მიენიჭებათ.
სამეფო ოჯახის ქორწილისთვის სტუმრები იკრიბებიან. 600 სტუმართა შორის არაერთი ცნობილი ვარსკვლავია. პრინც ჰარის და მეგან მარკლის ჯვრისწერაზე უკვე მივიდნენ ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი და მსახიობი იდრის ელბა. სტუმრებს შორის გამოჩნდნენ ჯეიმს ბლანტი, ასევე ჯორჯ და ამალ კლუნები და დევიდ და ვიქტორია ბექჰემები.
საქორწინო ცერემონია უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში ჩატარდება, სადაც პრინცი ჰარია მონათლული. ეკლესია 800-მდე სტუმარს იტევს.