LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

levan shonia

სასამართლომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორ ლევან შონიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ლევან შონიასთვის აღნიშნული ოდენობის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

ლევან შონიას ადვოკატი ბრალდების მხარეს ნაწილობრივ დაეთანხმა. როგორც მან განმარტა, ჩარიცხული 10 000 დოლარი არა ჩუქება, არამედ ქველმოქმედებისთვის იყო გადარიცხული, რაც ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანის დახმარებას გულისხმობდა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების – გ.ა-ს სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქე ზ.კ-მ 10 000 აშშ დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, საბანკო ამონაწერის დათვალიერებით, ზ.კ-ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილებით.

ლევან შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

magti 5g