სამეგრელოში კერების უმრავლესობა ლოკალიზებულია. ცეცხლის კერები მარტვილში, წალენჯიხასა და ზუგდიდშია. კერების უმრავლესობაზე ცეცხლი ეკალ-ბარდს და მინდორს ქონდა გაჩენილი. ქარის სიჩქარე ხანძრის ჩაქრობის პროცესს ხელს უშლის თუმცა, სალიკვიდაციო სამუშაოები მაინც მიმდინარეობს.
ხანძარმა რამდენიმე ათეული ჰექტარი, სახნავ-სათესები, თხილის პლანტაციების ნაწილი გადაწვა. ქრობის პროცესში სამეგრელოს სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია ჩართული. ასევე, ეკიპაჟები აჭარიდან, გურიიდან და იმერეთიდან.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი 50-ზე მეტი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ 105 აქტიური კერიდან, 100-ის სრული ლიკვიდაცია მოხდა, ხოლო ხუთ კერაზე სალოკალიზაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მერიებში შესაბამისი კომისიები შეიქმნება, რომელებიც ზარალს დაითვლიან.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სამეგრელოში – 77 კერიდან 74 ლიკვიდირებულია, სამზე კი ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.
რაჭაში – ორი კერიდან ერთი ლიკვიდირებულია
აჭარაში – ერთ კერაზე სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
იმერეთში – 18 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია.
გურიაში – ხანძარი ლიკვიდირებულია.
ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე იყო საფრთხე მინდვრიდან ხანძარი საცხოვრებელ სახლს ან ტყის მასივს გადადებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის თავიდან არიდება შეძლეს. შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწებზე ბალახის დაწვამ შესაძლოა ხანძრის გავრცელება გამოიწვიოს. ამიტომ გაცემულია გაფრთხილება, რომ წაიმეს დაწვისგან თავი შეიკავონ.