დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩა N8-ში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის ნაგებობის კონსტრუქცია მდგრადია, უმნიშვნელო დაზიანებებით, მაგრამ სერიოზულადაა დაზიანებული მე-6 სართული, სადაც დაზიანება მე-3, მე-4 ხარისხისაა, – ასეთია სამხარაულის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა, რომელიც უკვე გადაეცა თბილისის საბურთალოს მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ განაცხადა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული რეკომენდაციები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული სარემონტი-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, რომელიც მას შემდეგ დაიწყება, რაც კრიმინალისტები დაამთავრებენ მუშაობას.
„ ჩვენ კიდევ ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შუალედურ დასკვნას ზარალის, კომპენსაციის მიმართულებით. დასკვნა სავარაუდოდ 2 დღეში გვექნება“,- განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩა N8-ში ბუნებრივი აირის აფეთქებას 16 იანვარს საღამოს 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კორპუსიდან ევაკუირებულია 48 ოჯახი. მათი ბინის ქირა მერიის სარეზერვო ფონდიდან იფარება. 48 ოჯახიდან ჯერჯერობით მხოლოდ 4 ოჯახი რჩება სასტუმროში, თუმცა გამგებლის განცხადებით, ორი დღის განმავლობაში ისინიც ნაქირავებ ბინებში გადავლენ.