სამხრეთ კავკასიაში McDonalds-ის რესტორნები სალათის ფურცლებით საქართველოდან მომარაგდება. ამის შესახებ დღეს თბილისში McDonalds -ის ლოჯისტიკური ცენტრის გახსნაზე გახდა ცნობილი.
McDonalds-ის მენეჯმენტის ინფორმაციით, პროექტ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ლოჯისტიკურ ცენტრში დაინერგა სალათის ფურცლების ხაზი, რომელიც ორიენტირებულია სამხრეთ კავკასიაში ”მაკდონალდსის” სისტემის სრულ მომარაგებაზე. ამისთვის კომპანიამ, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 650 ათასი დოლარით ისარგებლა. ამასთან, დაგეგმილია სამხრეთ კავკასიაში სწრაფი კვების რესტორნებისთვის ფუნთუშებისა და ხორცპროდუქტების წარმოებაც საქართველოში მოხდეს.
შეგახსენებთ, თბილისში McDonalds-ის ლოჯისტიკური ცენტრის გახსნისთვის 2.3 მილიონ ევროს ინვესტიცია ჩაიდო. ცენტრს სამხრეთ კავკასიაში ანალოგი არ ჰყავს, საწყობი უზრუნველყოფილია -20 საყინულე, მშრალი და სამაცივრე ზონებით, რაც თავის მხრივ გულისხმობს ლოჯისტიკური მომსახურების პოტენციალის სრულ სპექტრს.