სეულში მდებარე სასტუმრო „RYSE“ სტუმრებს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს – მის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნომერში „Curator Suite 1503“ საწოლი თითქმის მთელ ოთახს იკავებს.

იდეა „გიგანტივით ძილი“ ბრუკლინში დაფუძნებულ არტ ჯგუფთან „MSCHF“ თანამშრომლობით განხორციელდა და ის უფრო ინსტალაციას ჰგავს, ვიდრე სასტუმროს ტრადიციულ სივრცეს. პროექტის ავტორების თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველი ახალი თაობა ფიზიკურად უფრო მაღალი ხდება, მომავალში სასტუმრო და საცხოვრებელი სივრცეების გადაფასების საჭიროება დადგება, შესაბამისად, ეს მათი პირველი მცდელობაა.

ექსტრალონგ საწოლის ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ინფლუენსერმა დრიუ ფალჩუკმა კი, რომელმაც ნომერი საკუთარი თვალით ნახა, ლოგიკური კითხვა დასვა: „სად იშოვეს ამხელა მატრასი?“

საინტერესოა, რომ „Curator Suite 1503“-ის განსხვავებულობა მხოლოდ ექსტრალონგ საწოლით არ შემოიფარგლება. სივრცე ერთგვარ მინი გალერეადაც არის ქცეული, სადაც წარმოდგენილია MSCHF-ის ექსპერიმენტული ნამუშევრები, ასევე, დამიან ჰერსტის ცნობილი „Spots“-ის დეფორმირებული ვერსიები ინდივიდუალური ჩარჩოებით – სტუმარს, სურვილის შემთხვევაში, მათი შეძენაც შეეძლება. ნომერს ბონუსად მოჰყვება საუზმე ორი ადამიანისთვის, boombox, სმარტ ტელევიზორი და სახის მოვლის ნიღბები. გარდა ამისა, მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე, დისნეის მოყვარულებს „Collect Package“-ის არჩევაც შეუძლიათ. ის სხვადასხვა სუვენირს მოიცავს, მათ შორის, მიკი და მინი მაუსის რბილ სათამაშოებს, ბრენდირებულ აქსესუარებსა და დისნეის მაღაზიაში გამოსაყენებელ კუპონს.
