შეხვედრა, რომელზეც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ფრაქციებს შორის კონსულტაციები უნდა გამართულიყო, ხვალისთვის გადაიდო.
როგორც პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფის” ხელმძღვანელი ხათუნა სამნიძე აცხადებს, “ქართული ოცნება” პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების პროცესში ძალიან ფრთხილია.
მისივე თქმით, შეხვედრა არასწორი კომუნიკაციისა და ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო.
“ერთობლივი რეზოლუციის მიღება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე ოპოზიციამ მოითხოვა. ეს რომ მოვასწროთ, რეზოლუცია აუცილებლად 26 იანვარს უნდა დარეგისტრირდეს.
შეხვედრა დღეს უმნიშვნელოვანესი იყო. შემიძლია გითხრათ, რომ შეხვედრა არასწორი კომუნიკაციისა და ტექნიკური მიზეზების გამო ხვალ დილისთვის გადაიდო.
“ქართული ოცნება” პროცესში ფრთხილია! როგორც ჩანს, ყველა სიტყვას ამ რეზოლუციაში მნიშვნელობა ექნება, თუმცა მთავარია, რომ “ქართული ოცნება” არის მზად, ამ პროცესში ოპოზიციასთან ითანამშრომლოს და რეზოლუცია ერთობლივი პოზიციით მივიღოთ”, – თქვა სამნიძემ.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს ხელისუფლების დუმილი პოლიტიკური შეცდომაა:
“პოლიტიკური შეცდომაა, რომ ჩვენი ხელისუფლება არ არის ხმამაღალი საკუთარ განცხადებებში, როცა საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება”, – თქვა სამნიძემ.