LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამოქალაქო საზოგადოებას და ბიზნესს ერთად გაცილებით მეტი წარმატების მიღწევა შეუძლია“ – თბილისში პარტნიორობის ფორუმი გაიმართა

72
Untitled design (1)

29 ნოემბერს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივითა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით თბილისში პარტნიორობის ფორუმი გაიმართა.

ფორუმის მთავარი მიზანი ბიზნესკომპანიების არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირება იყო, რათა მათ სამომავლოდ ერთობლივი, გრძელვადიანი პროექტები განახორციელონ.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორის მოადგილემ (USAID) დევიდ ჰოფმანმა გახსნეს.

ფორუმის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საკუთარი იდეები წარადგინეს და ბიზნესთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ღონისძიების პირველი ნაწილი მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე პანელურ დისკუსიას დაეთმო, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა კერძო სექტორთან თანამშრომლობის გამოცდილებასა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.

აუდიტორიას საკუთარი პროექტი ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააცნო:

1 – „ორბელიანი საქართველო“, რომელიც 2014 წლიდან მოქალაქეებს ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმებს სთავაზობს;

2 – „ჩართე“ – საქველმოქმედო პლატფორმა, რომელიც წვდომას აძლევს ინტერნეტზე სოციალურად დაუცველებს და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს;

3 – Dopomoga Ukraini, რომელიც საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების დახმარებაზე მუშაობს;

4 – „სუპერგმირი“ – საქველმოქმედო ორგანიზაციამ, რომელიც სიღარიბეში მყოფი ბავშვების დასახმარებლად მუშაობს;

5 – საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის.

 

 

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა ფორუმის მონაწილეებს ჩატარებული კვლევის – კერძო და სამოქალაქო სექტორს შორის პარტნიორობის ქცევითი ანალიზის მოკლე პრეზენტაცია წარუდგინა.

პარტნიორობის ფორუმის მეორე ნაწილი კი ნეთვორქინგსა და იდეების წარდგენის სივრცეებს დაეთმო. ხუთმა კომპანიამ მათ მიერ წინასწარ განსაზღვრული, პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით ინდივიდუალურად მოისმინა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროექტების მოკლე პრეზენტაცია და გამარჯვებულები ადგილზე შეარჩია

ღონისძიება კომპანიების მიერ შერჩეული პროექტების წარდგენის სიმბოლური ცერემონიით დასრულდა.

ღონისძიების მთავარმა პარტნიორმა კომპანიებმა – Liberty Bank, BIM Cube, CSD Consulting, RMG და Combined Ratio Solutions, გამარჯვებული პროექტები დაასახელეს:

  • ლიბერთი ბანკმა 2 500-2 500 ლარით დააფინანსა „ორბელიანი საქართველო“, „ჩართე“, „კომლი“ და „მაკ ჯორჯია“;
  • CSD Consulting-მა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია;
  • BIM Cube-მა – ქალთა საინფორმაციო ცენტრი;
  • RMG-მ „პირველი ნაბიჯი საქართველო 5000, ხოლო ასოციაცია „ბავშვთა სოფელი“ 3 000 ლარით;
  • Combined Ratio Solutions-მა „მთიელი წიგნები“ და „სუპერგმირი“ 2 500- 2 500 ლარით დააჯილდოვა;

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე 30-ზე მეტმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ, რომლებიც შრომითი და ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, გარემოსდაცვითი მიმართულებების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გაძლიერებისა და სხვა მიმართულებებით მუშაობენ.

აღნიშნული ფორუმით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი გლობალურ კამპანიას -„Giving Tuesday“-ს შეუერთდა. პარტნიორობის ფორუმის მთავარი მოწოდებაა – „Giving Opportunities to Real Changemakers“.

 

 

ფორუმის მნიშვნელობაზე „ფორტუნასთან“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორის მოადგილემ დევიდ ჰოფმანმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ბიზნესს, ერთად, შეუძლია გაცილებით მეტის მიღწევას, რაც ქვეყნის მოსახლეობაზე დადებითად აისახება:

„მე წარმოვადგენ USAID-ს, ჩვენი მთავარი სტრატეგია და ამოცანაა, დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს წარმატებული, უსაფრთხო და ძლიერი ქვეყანა, რასაც საქართველო ისტორიულად ახერხებდა კულტურით, თავისი მოწადინებით, თუმცა, იმისათვის, რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ – ეკონომიკური სისტემის გაძლიერებისთვის მთავრობა მარტო ვერ შეძლებს, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს, ვერც ბიზნესი შეძლებს მარტო ამის გაკეთებას, შესაბამისად, მსგავსი პარტნიორობები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ერთად, საჯარო და კერძო სექტორის ჩართულობით, შესაძლებელია უფრო მეტი წარმატების მიღწევა.

მოხარული ვარ, რომ დღევანდელი ღონისძიება ხაზს უსვამს ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქტიურ ჩართულობის მნიშვნელობას.

დღეს ვიხილეთ ის წარმატებული მაგალითები, რომლებიც კერძო და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით განხორციელდა – სოციალური პროგრამები, გარემოსდაცვითი პროგრამები და ა.შ.

მთავრობას შეიძლება ჰქონდეს რაღაც სამუშაო, რომელსაც ის ასრულებს ბიზნესშიც, მაგრამ ერთად – მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ბიზნესს შეუძლია გაცილებით მეტის მიღწევას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის მოსახლეობაზე. ეს ყველაფერი პასუხობს და თანხვედრაშია ჩვენს ამოცანებთან და სწორედ ამიტომ, ჩვენ სიამოვნებით ვუჭერთ მხარს მსგავს პროგრამებს, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება საქართველოს მოსახლეობაზე“, – განაცხადა დევიდ ჰოფმანმა.

როგორც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა „ფორტუნასთან“ აღნიშნა, ფორუმი საქართველოში წელს უკვე მესამედ იმართება და ფორმატიც განსხვავებულია:

„არასამთავრობო ორგანიზაციები ბიზნესსექტორს წარუდგენენ კონკრეტულ საპროექტო იდეებს. გვყავს რამდენიმე კომპანია, რომელსაც წინასწარ აქვს განსაზღვრული თანხა, ბიუჯეტი, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტებს დააფინანსებენ.

თუმცა, რა თქმა უნდა, ასევე სხვა კომპანიებსაც შეუძლიათ, საინტერესო პარტნიორული ინიციატივები წამოიწყონ, დააფინანსონ ან ერთობლივად, სხვადასხვა რესურსით განახორციელონ არასამთავრობო სექტორთან ერთად. ჩართულობა იზრდება.

წელს ფორმატი განსხვავებულია. მანამდე კომპანიები მდგრადი განვითარების დღის წესრიგისადმი მიძღვნილი პროექტების პრეზენტაციებს მართავდნენ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი კომპონენტი პარტნიორული პროექტების წახალისება იყო, მაგრამ წლევანდელი ფორუმის მთავარი იდეაა, რომ მდგრადი განვითარების დღის წესრიგს ცალ-ცალკე ბიზნესსექტორი, ცალკე სამოქალაქო საზოგადოება ან ცალკე სახელმწიფო ვერ მიაღწევს და ამისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა სექტორს შორის პარტნიორობა და სწორედ ამ პარტნიორობის ფასილიტატორები ვართ ჩვენ – ეს სექტორები ერთმანეთს დავაკავშიროთ და მათ საერთო  პროექტებს შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

„ფორტუნასთან“ ისაუბრეს ფორუმში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც.

„სუპერგმირის“ მთავარი მენეჯერი – მარიამ წერეთელი:

„მადლობელი ვარ ორგანიზატორების, რადგან ასეთ სოციალურ პროექტებში კომპანიების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ გავიზარდოთ და ჩვენი საქმე უფრო მასშტაბური გავხადოთ. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის ღონისძიებები და პოტენციურ დამფინანსებლებთან პირისპირ შეხვედრები სამომავლო მიზნების რეალიზებაში გვეხმარება, რაც მახარებს“, – აღნიშნა მან.

„ჩვენი გუნდი საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების დახმარებაზე მუშაობს, იმედი გვაქვს, რომ აქ წარმოდგენილი კომპანიები და ბიზნესები საკუთარ წვლილს შეიტანენ ჩვენი ბენეფიციარების დახმარებაში ნებისმიერი ფორმით. დღევანდელმა ღონისძიებამ კარგად დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია, სამოქალაქო სექტორი და ბიზნესი ერთად მუშაობდეს“, – თქვა საინფორმაციო პლატფორმა Dopomoga Ukraini-ს წარმომადგენელმა ნანა რაფრავამ.

„ლიბერთი ბანკის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა კი აღნიშნა, რომ ფორუმი არის კარგი შესაძლებლობა და კომპანია კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით, კიდევ უფრო მეტ სასარგებლო საქმეს გააკეთებს:

„ლიბერთი“ გაეროს გლობალური შეთანხმების პარტნიორი კომპანიაა, რითაც ძალიან ვამაყობთ, რადგან ეს გვაძლევს ძალიან ბევრ შესაძლებლობას. ძალიან აქტიურად გვაქვს კორპორაციული სოციალური მიმართულება და ისეთი პროექტები, სადაც სანდო პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვანია.

ზოგადად, პარტნიორობის შინაარსი ძალიან კარგად გვესმის, ერთად ვაკეთებთ ძალიან ბევრ კარგ საქმეს. დღეს გვქონდა განსაზღვრული თანხა – 5 000 ლარის ფარგლებში უნდა დაგვეფინანსებინა ერთი კონკრეტული ორგანიზაცია, ეს ვერ მოვახერხეთ, რადგან იმდენად საინტერესო შეხვედრები იყო, ისეთი მზაობაა ორგანიზაციების მხრიდან, რომ ერთად ვაკეთოთ სასარგებლო საქმეები, თანხა თავიდან ორ ნაწილად გავყავით, მაგრამ არ გვეყო და „ლიბერთიმ“ თანხა დაამატა. დავნიშნეთ ძალიან საინტერესო შეხვედრები პარტნიორობასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რადგან ვფიქრობთ, რომ ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით, კიდევ უფრო მეტ სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ“, – უთხრა „ფორტუნას“ ტაპი ზაქარიაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g