LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოყვარულო ფეხბურთში საქართველოს თასის გათამაშება იწყება

59

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ატარებს საქართველოს თასის გათამაშებას სამოყვარულო დიდ ფეხბურთში (11X11).

ჩემპიონატი სტარტს აიღებს 2016 წლის 11 სექტემბერს და დასრულდება 14 დეკემბერს.

საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი. მონაწილეთა ასაკი განისაზღვრება 16 წლიდან. თითოეული გუნდის განაცხადში წარმოდგენილია 16-დან 25 მოთამაშემდე. სულ
ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 5 500 მოყვარული ფეხბურთელი. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის დებულების შესაბამისად, გათამაშებაში მონაწილეობას არ იღებენ საქართველოს უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის, ასევე, ჭაბუკთა ლიგის ფეხბურთელები.

საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით, სამ ეტაპად – მუნიციპალური, რეგიონული და ფინალური.

მუნიციპალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული მუნიციპალიტეტის გუნდები. თითოეული მუნიციპალური ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი იასპარეზებს რეგიონალურ ეტაპზე. რეგიონალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები ფინალურ ეტაპზე გამოავლენენ საქართველოს თასის გამარჯვებულს.
ფინალური ეტაპი ჩატარდება თბილისში და მასში მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ეტაპზე გამარჯვებული 16 გუნდი.

ფინალური ეტაპის ნახევარფინალისტი 4 გუნდის შემადგენლობიდან დაკომპლექტდება საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ნაკრები, რომელიც 2017 წლიდან მონაწილეობას მიიღებს UEFA Regions’ Cup-ის გათამაშებაში.

რაც შეეხება თბილისის ლიგას, ეს არის რეგულარული გათამაშება, რომელიც უკვე მესამედ ტარდება. იგი წარმოადგენს საქართველოს თასის გათამაშების ნაწილს თბილისის ტერიტორიაზე. თბილისში ჩამოყალიბდა 2 ლიგა – უმაღლესი და პირველი ლიგა. უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს 10 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, ხოლო პირველი ლიგის 20 გუნდი 10-10 გუნდად გადანაწილდება თანაბარი დონის ორ A და B ჯგუფში. სულ თბილისის უმაღლეს და პირველ ლიგაში მონაწილეობას იღებს 30 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g