LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამსახურებიდან უკვე გაათავისუფლეს ხელშეკრულებით დასაქმებული მრავალი პირი, პროფესიული საჯარო მოხელეების წინააღმდეგ დაგეგმილია რეორგანიზაციების პროცესი, ვიბრძოლებთ მერიის სისტემაში დასაქმებული თითოეული საჯარო მოხელის უფლებების დასაცავად“ – ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები

112
ბათუმი

„რეპრესიები შეეხო ჩვენს პროფესიონალ და პატრიოტ საჯარო მოხელეებსაც, რომლებიც გაემიჯნნენ დასავლური კურსის ცვლილებასა და მშვიდობიან მანიფესტანტებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებებს“, – ამის შესახებ ბათუმში, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების ერთობლივ მიმართვაშია აღნიშნული, მათ აქვთ ინფორმაცია, რომლის თანახმად, რეორგანიზაცია იგეგმება ბათუმის მუნიციპალიტეტშიც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აღნიშნულ განცხადებაში ასევე მოუწოდებენ ბათუმის მერს და საკრებულოს, ხელი აიღოს უკანონო განზრახვაზე:

„არჩევნების გაყალბებისა და ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაზე უარის თქმის შემდეგად გამოწვეულ საერთო-სახალხო პროტესტს არალეგიტიმურმა და სანქცირებულმა ხელისუფლებამ ტოტალური რეპრესიები დაუპირისპირა.

რეპრესიები შეეხო ჩვენს პროფესიონალ და პატრიოტ საჯარო მოხელეებსაც, რომლებიც გაემიჯნნენ დასავლური კურსის ცვლილებასა და მშვიდობიან მანიფესტანტებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებებს.

სამსახურებიდან უკვე გაათავისუფლეს ხელშეკრულებით დასაქმებული მრავალი პირი, პროფესიული საჯარო მოხელეების წინააღმდეგ კი დაგეგმილია რეორგანიზაციების პროცესი.

გვაქვს ინფორმაცია, რომ რეორგანიზაცია იგეგმება ბათუმის მუნიციპალიტეტშიც, რომლის მიზანია პეტიციაზე ხელმომწერ პირთა სამაგალითოდ დასჯა, საჯარო სექტორში დაწყებული რღვევის შეუქცევადი პროცესისგან თავდასაცავად.

აქვე გაცნობებთ, რომ პეტიციაზე ხელმომწერ პირთა მიმართ უკვე დაფიქსირდა დისკრიმინაციის ფაქტი, კერძოდ, წლის ბოლოს უმაღლესი შეფასების მიღების შემდეგ კანონით გათვალისწინებული ჯილდოს ნაწილი ჩამოაჭრეს მხოლოდ პეტიციაზე ხელმომწერ პირებს.

მოვუწოდებთ ბათუმის მერსა და საკრებულოს, ხელი აიღოს ამ უკანონო განზრახვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაფრთხილებთ მათ, რომ პერსონალურად მოუწევთ პასუხისგება ჩადენილი დანაშაულისთვის, როგორც პირადად არჩილ ჩიქოვანს, ვიცე-მერ ნუკრი დეკანაძეს, ასევე მერის მოადგილეებს, შპს/ა(ა)იპ-ების თუ სამსახურის უფროსებს და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს, რომლებიც ჩართული არიან რეპრესიებში.

ჩვენ, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ვაცხადებთ, რომ ვიბრძოლებთ მერიის სისტემაში დასაქმებული თითოეული საჯარო მოხელის უფლებების დასაცავად. მათ უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან და მათ გვერდით დგას მთელი სამოქალაქო საზოგადოება სრული რესურსით.

ჩვენი მოთხოვნები უცვლელია: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა”, – აცხადებენ ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები.

ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g