“სამშენებლო ამნისტიის შესახებ” კანონი ძალაში 28 ივლისიდან ამოქმედდება, დედაქალაქის მერია კი ამ კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესსა და პროცედურებს ამტკიცებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ კანონით დადგენილი შეღავათებითა და სპეციალური რეჟიმებით.
როგორც მერმა განაცხადა, აღნიშნული კანონი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან. პირველი მოიცავს 2020 წლის 18 აგვისტომდე, ნებართვის საფუძველზე დასრულებულ მშენებლობებზე ზოგიერთი სამშენებლო დარღვევის პატიებას.
“ეს დარღვევებია ფართობის გადამეტება, განაშენიანების კონტურის დარღვევა, „წითელი ხაზების“ დარღვევა, ფუნქციური ზონის დარღვევა და ა.შ.”
მეორე ნაწილი ითვალისწინებს, მომავალში ასეთი დარღვევების თავიდან არიდებისა და პრევენციის მიზნით, პასუხისმგებლობის დამძიმებას, რომ იგივე არ განმეორდეს.
“კერძოდ, სამშენებლო დარღვევების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგისმგებლობის დაკისრებას დამრღვევი პირების მიმართ“
დედაქალაქის მერის თქმით, მესამე ნაწილი ეხება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესებს. კერძოდ, იმ მშენებლობების შემთხვევაში, რომლებიც შეიცავენ საყოფაცხოვრებო ფართებს.
“ექსპლუატაციაში მიღებამდე დაუშვებელი გახდება ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგება. ეს არის ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ არ დაიწყოს ამ შენობების საყოფაცხოვრებო ფუნქციით გამოყენება, სანამ შენობას უფლებამოსილი ორგანო არ მიიღებს ექსპლუატაციაში”
კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტს და ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერისა და კანონის მიღების პროცესში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმით, ამნისტია არ არის უპირობო აქტი და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი შესაბამისად იმოქმედებს.
როგორც კალაძე განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობას არ აქვს მოწესრიგებული ფასადი, დამაბრკოლებელ გარემოებას ესეც წარმოადგენს.