საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ქ. თბილისში გორგასლის შესახვევში, N5-ში მდებარე 17313კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული უძრავი ქონება პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 5 027 000 ლარად გაყიდა.
აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია უძრავ ქონებაზე მოაწყოს არანაკლებ 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რისთვისაც განახორციელებს 10 000 000 ლარზე მეტ ინვესტიციას. პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ეს უკვე რიგით მეორე გაყიდული ობიექტია.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. N44–ში მდებარე უძრავი ქონება 5 750 001 ლარად გაყიდა. უძრავ ქონებაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინიმუმ 30 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი მოეწყობადა 5 300 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმროში 30 ადამიანი დასაქმდება.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოში ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების რაოდენობის ზრდამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ამასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის სექტემბერში პირველმა ვიცე–პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს სექტორს წარმოუდგინა ტურიზმის განვითარების კუთხით არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები, მათ შორის პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“. აღნიშნული პროექტი, ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა.
პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით შემუშავდა.