სამტრედიაში ახალი სასათბურე მეურნეობა გაიხსნა. შპს „იმერეთი გრინერმა“ მაღალტექნოლოგიური მინის 16,000 მ2 ფართობის სათბურის მშენებლობა დასრულდა და პირველი მოსავლისთვის ემზადება.
„იმერეთი გრინერი“ ჰოლანდიურ-ქართული საწარმოა. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 4,2 მლნ. ევროა. პროექტის პარტნიორია ჰოლანდიური კომპანია Food venture B.V , საპარტნიორო ფონდი, „თიბისი ჯგუფი“ და Georgian Fresh holding B.V, რომელმაც სასათბურე მეურნეობის განვითარების ოპერირების მიზნით „შპს იმერეთი გრინერი“ დააფუძნა.
სათბურში ამჟამად დასაქმებულია 23 ადამიანი, ხოლო გაფართოების დასრულების შემდგომ მათი რიცხვი 50-მდე გაიზრდება.
,,იმერეთი გრინერის“ წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიამ წარმატებით დაიწყო სალათის ფურცლის წარმოება ქართულ ბაზარზე და ახლა მომხმარებლებს სხვადასხვა სახეობის მაღალი ხარისხის ბოსტნეულს სთავაზობს. „იმერეთი გრინერი“ აწარმოებს ჯანსაღ ქართულ პროდუქციას თანამედროვე ჰოლანდიური ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით.
ახალი 16,000 მ2 სათბური დაყოფილია სამ ბლოკად. თითოეული ბლოკს აქვს საკუთარი კონკრეტული კლიმატის კონტროლი, ვენტილაცია, გათბობა და სარწყავი სისტემა.
სათბური ყველაზე თანამედროვეა კავკასიაში – უახლესი ჰოლანდიური დიზაინით და იყენებს Philips LED განათების სისტემას, რაც მდგრადი და ეფექტურია, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.
გათბობის წყაროდ კომპანია იყენებს გეოთერმულ წყლებს, წყაროს, რომელიც საკმარისია სასათბურე მეურნეობის სრულად უზრუნველსაყოფად. მეორადი სარწყავი წყალი გროვდება და იფილტრება UV სისტემის საშუალებით.
კომპანია აპირებს წარმოებული მაღალი ხარისხის ბოსტნეული ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გაიტანოს. გაფართოებული წარმოებით ,,იმერეთი გრინერი“ პროდუქციის წარმადობის ხუთჯერ გაზრდას გეგმავს.