LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამწლიანი ცილისწამების მიუხედავად, სიმართლემ მაინც გაიმარჯვა“ – პრემიერი მოსახლეობის კიდევ ერთხელ დახმარებაზე საუბრობს

87
gaxaria 22

მოქმედ და ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში ბინები გადაეცემათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე.

“თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მისი უწყებრივი ბინები, მოქმედ სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში გადასცეს. საკითხი კომისიური წესით განიხილება. ეს, რა თქმა უნდა, ადრეც გასაკეთებელი იყო, თუმცა, გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ქვეყანა იბრძვის ორ ფრონტზე და მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა კვლავ პრიორიტეტად რჩება.

„ვირუსის გავრცელების ეფექტიანი მართვა არის, რომ მოვახდინოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია შემდგომ სწრაფი აღდგენის მიზნით. გარკვეული პოზიტიური ნიშნები ჩვენს ეკონომიკაში გამოჩნდა. ტურისტულ სექტორებს მიღმა აქტივობები გაზრდილია. ფინანსურ სექტორშიც მაჩვენებლები არის საკმაოდ პოზიტიური. 

რამდენიმე მიმართულებით გაზრდილია აქტივობა, განსაკუთრებით მთავრობის მხარდამჭერი პროექტების მიმართ.  მაგალითად, სამშენებლო ბიზნესში უძრავი ქონების გაყიდვები ბოლო თვის განმავლობაში რადიკალურად გაიზარდა, ისევე როგორც სამშენებლო მასალების გაყიდვები.  

კარგად მიდის სოფლის მეურნეობის მიმართულებაც. 4 ათასზე მეტმა ფერმერმა უკვე ისარგებლა სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამებით.
მინდა, სოფლის მეურნეობის მინისტრს შევახსენო, რომ რთველი გვიახლოვდება, ისევე როგორც თხილის სეზონი და განსაკუთრებით ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ამ მიმართულებით პრობლემები არ წარმოიქმნას. 

წუხელ თელავისა და ყვარლის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა და ჩვენ ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. რაც მთავარია, ფინანსთა სამინისტროს უნდა განვუსაზღვროდ დავალებად, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებთაც სოციალური დახმარება გავუწიეთ, კიდევ ერთხელ გადახედოს ამ სიას. მიზნობრიობის თვალსაზრისით რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს იმისთვის, რომ მოქალაქეებს სოციალურად კიდევ ერთხელ დავეხმაროთ. პანდემიის შოკი გაგრძელდება წლის ბოლომდე და ამ შოკის დაძლევაში მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ“, – აღნიშნა პრემიერმა. 

სოციალური დახმარების პაკეტები, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა, დღეის მდგომარეობით 721 ათასმა მოქალაქემ მიიღო, – აღნიშნა პრემიერმა.

„გარდა ამისა, მაღალ მთიანის სტატუსი დაემატა კიდევ 59 დასახლებულ პუნქტს, მათ შორისაა გორის, დუშეთის, თიანეთის, ასპინძისა და დმანისის მუნიციპალიტეტები. ფაქტობრივად გამოდის, რომ 246 ათას ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ამ სტატუსით უკვე სარგებლობს, მიემატება 26 ათასი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, დუშეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში, ეს იქნება 19 დასახლებული პუნქტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რაც ასევე მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი ძველი თემა – გურიაში, გომის მთა ასევე მიიღებს დასახლებული პუნქტის და შემდგომ უკვე მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სტატუსს. შეიძლება ითქვას, სამართლიანობა აღსდგება“, – განაცხადა გახარიამ. 

 

მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს გაწეული ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დენდროლოგიური პარკი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის ერთ-ერთი უნიკალურია.

„გუშინ იყო უაღრესად მნიშვნელოვანი დღე არამხოლოდ გურიისთვის. ეს იყო მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის, როდესაც გაიხსნა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი. ესაა უნიკალური პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით განხორციელდა და მიუხედავად სამწლიანი ცილისწამებისა და თეთრზე შავის ძახებისა, მაინც სიმართლემ გაიმარჯვა. ჩვენი მოქალაქეები საკუთარი თვალით ხედავენ, რამხელა შრომის შედეგია ეს პარკი. სიმბოლურია, რომ წლების განმავლობაში ცილისწამების მიუხედავად, ეს დიდი საქმე გაკეთდა და უნიკალური პარკი გაიხსნა. ყველამ უნდა დავინახოთ, რომ საბოლოო ჯამში სიმართლე მაინც იმარჯვებს“, – განაცხადა გახარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g