მეზღვაურებს, რომლებსაც საქართველოში არსებულ საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული აქვთ 3 წლიანი პროფესიული განათლება და მიაღწიეს ექსპლუატაციის დონეს, უფლება მიეცათ აიმაღლონ რანგი.
შესაბამისი ცვლილება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში უკვე შევიდა.
ცვლილების ინიციატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
საკანონმდებლო ცვლილებამდე მეზღვაურებს, რომელთაც მიღებული ჰქონდათ სამწლიანი პროფესიული განათლება, ეზღუდებოდათ მართვის დონის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობა. 1999 წლიდან 2013 წლამდე საქართველოში მოქმედ საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს ჰყავდათ 1200-მდე კურსდამთავრებული, რომელთაც ოთხწლიანი უმაღლესი განათლების ნაცვლად, მიღებული აქვთ მხოლოდ სამწლიანი პროფესიული განათლება.
როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, ეს ინიციატივა წინგადადგმული ნაბიჯია ქართველი მეზღვაურების პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.