სოციალური საწარმო „დადარი“ 2018 წელს დაარსდა. ის მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებს და ნაკეთობებს სთავაზობს. პროდუქციის დასამზადებლად გამოყენებული მასალები უსაფრთხოა ადამიანისთვის და გარემოსთვის.
საწარმოს შემოსავლების 100%-ს წარმოადგენს დამზადებული პროდუქციის რეალიზაციისგან შემოსული თანხა, რომელიც სრულად ხმარდება საწარმოს ფუნქციონირებას, მის ზრდაზე და განვითარებაზე ზრუნვას.
პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში და ამერიკაში.
„ბიზნესკურიერის“ სტუმარია არჩილ გობეჯიშვილი, – სოციალური საწარმო „დადარის“ დამფუძნებელი.
– „დადარი“ ეს არაა ტიპური ბიზნესი, ესაა სოციალური საწარმო, რომელსაც თავისი მისია უნდა ჰქონდეს. რა არის თქვენი საწარმოს მთავარი მისია?
– ჩვენი მთავარი მისიაა გადავამზადოთ და დავასაქმოთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები და მათთან ერთად ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია პატარების განვითარებისთვის.
-რამდენი ადამიანია დღეს თქვენთან დასაქმებული?
– დღეისათვის, 17 კაციანი გუნდი ვართ, მათგან 5 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანია, ძირითადად ინტელექტუალური შეფერხების მქონე პირები და 5 საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირია.
ყველანაირი წინაპირობა და მოლოდინი გვაქვს, რომ წელს მინიმუმ ორჯერ გაზრდას შევძლებთ და გაცილებით მეტ ადამიანს დავასაქმებთ.
– ძალიან კარგი, ორჯერ ზრდა პატარა არაა… რას აწარმოებთ და რატომ არის ის მიმზიდველი მომხმარებლისთვის და არამხოლოდ ქართველი მომხმარებლისთვის, როგორც ვიცი, ექსპორტზეც გაგაქვთ პროდუქცია…
– ეს არის ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, რომელსაც ძირითადად ხელით ვამზადებთ.
ეს არის უნიკალური პროდუქტი. ასეთი საწარმოები როგორც საქართველოში, ასევე ევროპასა და საქართველოში, ერთეულებია შემორჩენილი.
ძირითადად სათამაშოების წარმოება გადასულია ქარხნულ წარმოებაზე, რომელიც გულისხმობს რაოდენობრივ წარმადობას.
ხელით დამზადების კულტურა შემორჩენილია ერთეულ საწარმოებში და ჩვენც ერთ-ერთი ასეთი საწარმო ვართ, რომელიც ძირითად აქცენტს აკეთებს ხელნაკეთ სათამაშოებზე, რომელსაც აქვს დამატებითი ენერგეტიკა, დამატებითი დატვირთვა, დიდი ისტორია და ვცდილობთ, რომ გავაგრძელოთ ღირსეულად ფუნქციონირება.
– ექსპორტთან დაკავშირებით მინდა ჩაგეკითხოთ, რომელ ქვეყნებში გადის თქვენი პროდუქცია და რა პლატფორმებს იყენებთ?
– ჩვენ გვყავს პარტნიორები, ძირითადად ჩვენი პროდუქტი გადის გერმანიაში და გერმანიიდან შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ხდება მათი დისტრიბუცია.
პირველად ეტაპზე ვფიქრობდით, ჩვენ თვითონ მოგვეხდინა წარმოებაც და რეალიზაციაც, თუმცა, მოგეხსენებათ, ორივე ძალიან დიდ მუშაობასა და შრომას მოითხოვს. საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ, რომ შეგვეძინა პარტნიორები, რომელიც ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას მოახდენენ.
დღეს, ამ მიმართულებით საკმაოდ წარმატებულად ვმუშაობთ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან ერთად.
– თუ იყენებთ გაყიდვების ისეთ პლატფორმას, როგორიცაა „ამაზონი“…
– ჩვენ გვქონდა თავიდან ეს არჩევანი გაკეთებული, ვყიდდით „ამაზონზე“. თუმცა საკმაოდ შრომატევადი ხაზი იყო როგორც წარმოების გაყიდვების მართვა, ასევე პროდუქტებზე მუდმივი მუშაობა, საბოლოო ჯამში ავირჩიეთ გზა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მუდმივი აქცენტი გავაკეთოთ წარმოებაზე და შევიძინოთ პარტნიორები, ჩვენს მიერ წარმოებული სათამაშოების რეალიზაციისთვის.
– ძალიან ბევრი საწარმო გაიხსნა ბოლო წელს. რამდენად მზარდია ეს მიმართულება და რამდენად პერსპექტიული?
– ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონეა სოციალური მეწარმეობა. სამწუხაროდ, დიდი რაოდენობითაა მოწყვლადი ჯგუფები, რომელსაც სამსახურის შოვნა უჭირთ, უჭირთ პროფესიის მიღება და შემდეგ დასაქმება.
სოციალური მეწარმეობის ერთ-ერთი განხრა გულისხმობს, რომ თავისი წვლილი შეიტანოს სოციალური პროგრამების მოგვარებაში.
ჩვენი საწარმოც ამას ემსახურება, გვყავს ძალიან ძლიერი ალიანსი სოციალური მეწარმეობის, რომელიც მუდმივად ზრუნავს ამ დარგის განვითარებაზე და ზრდაზე და დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში უფრო მეტი სოციალური საწარმო იფუნქციონირებს და გააკეთებს საქმეს, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას.
– კარგია, რომ ბაზარი მზარდია და კონკრეტულად თქვენს სოციალურ საწარმოს გეგმებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ,
რა გეგმები გაქვთ 2022 წელს.
პანდემია გრძელდება, მაგრამ ბიზნესმა 2021 წლიდან ნელ-ნელა გამოცოცხლება დაიწყო. რა გეგმები და პროგნოზები გაქვთ?
– პანდემია მართლაც ცუდად შეეხო ჩვენს საწარმოს, რთული პერიოდი იყო, თუმცა მას ჰქონდა თავისი მეორე მხარე, რომელმაც ასე თუ ისე დადებითად იმოქმედა უშუალოდ ჩვენს საწარმოზე, ეს იყო ონლაინ გაყიდვების დამატება, რამაც საერთო ჯამში მოგვცა შესაძლებლობა, ჩვენც და ჩვენს პარტნიორებსაც, რომ გვეზრუნა უფრო მეტი მასშტაბურობისთვის და გვეწარმოებინა პროდუქტი.
ამ ეტაპზე ვწერთ და ვგეგმავთ საწარმოს ზრდის მეთოდოლოგიას, გადამზადების პროცესების დანერგვას.
ჩვენი სამომავლო გეგმები უახლოეს პერიოდში უკავშირდება, მინიმუმ, ორჯერ ზრდას და შემდგომ უფრო მეტად განვითარებას, რისთვისაც მოქმედებები დაწყებული გვაქვს.
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გეგმას წარმატებით განვახორციელებთ გათვალისწინებულ ვადებში.
