ახალგაზრდა მასწავლებლის, მოკლული გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, მორიგი სამართლო სხდომის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
გიგა ავალიანის დედა მოქალაქეებს მიმართავს და მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„დასრულდა მორიგი სასამართლო სხდომა. მომდევნო სხდომა ჩანიშნულია 12 მარტს.
კიდევ ერთი ღირსეული სვლა, გიორგი რიკაძის ადვოკატი, ლევან ბუაძეც, გავიდა საქმიდან.
იცით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ბრძოლაში?
ხალხმა ჩემი ტრაგედია გაითავისა. პირველ პირში წერენ კომენტარებს. ამბობენ, რომ „ჩ ვ ე ნ ამ ბრძოლას მოვიგებთ!“
და კიდევ იცით რა არის მნიშვნელოვანი? ამბობენ, რომ „პროკურატურა ჩ ვ ე ნ ს მხარესაა!“.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი, იცით რა არის? პროკურატურაც იგივეს ამბობს, რომ „ხალხი ჩ ვ ე ნ ს მხარესაა!“
და ასე, ყველა ერთად რომ მიდგახართ მხარში, ასე ერთობით მიყვარხართ ყველა!
ეს მაშინ, როცა, სამყარო მძულდა, გიგა რომ მომიკვდა. მარტო შურისძიება მაიძულებდა მეცოცხლა და მეშინოდა, ვაითუ ვერ გავუძლო ამხელა დარდს, მოვკვდე და შურისძიება ვერ მოვასწრო-მეთქი.
მაგრამ მე თქვენ მარტო ბრძოლაში კი არა, გლოვაშიც მეხიდებით. სასაფლაოზე ვიდეოკამერები მაქვს დამონტაჟებული. ვხედავ და მესმის, როგორ ეფერებიან ჩემს შვილიკოს. იცით, რომ გუშინ დილით, ერთმა საყვარელმა გოგომ თავისი დაბადების დღის პაწაწუნა ტორტზე სანთელი გიგას საფლავზე ჩააქრო?
ჰოდა, მადლობა საქართველოვ! ჰოდა, მიყვარხარ საქართველოვ! ყველა ერთად მკვლელების წინააღმდეგ!
ნია იმნაძე ციხეში! გიორგი მალანია ციხეში!“ – წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.
დასრულდა მორიგი სასამართლო სხდომა. მომდევნო სხდომა ჩანიშნულია 12 მარტს. ✅კიდევ ერთი ღირსეული სვლა, გიორგი რიკაძის…
Posted by ეკა კუპატაძე on სამშაბათი, 10 მარტი, 2026
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა.
არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.
