პროკურატურისგან ახალი არაფერი მომისმენია – ასე გამოეხმაურა “თი ბი სი” ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე, გენერალურ პროკურატურაში ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგს, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრეს “თი ბი სი” ბანკის საქმეზე. ჯაფარიძე ამბობს, რომ დასამალი არაფერი აქვს და ამიტომაც აპირებს კიდევ ერთხელ მივიდეს პარლამენტში. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, რომ ქვეყნისა და ბანკის რეპუტაციას გაუფთხილდნენ.
“დღევანდელი განცხადება იყო გამეორება 2019 წლის 8 იანვრის განცხადების. ჩემი ღრმა რწმენით, ეს იყო პასუხი კომიტეტის ჩაშლილ განხილვასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადება ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას. ჯერ ერთი, ბრალდება მე არ მომისმენია. იქ ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები. სანდომიანმა ქალბატონმა გააკეთა შეფასებები წმინდა საბანკო ოპერაციების, რომელიც ჩემი რწმენით, არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია. არანაირად არ შეიძლება პროკურატურის კომპეტენცია იყოს -სესხის გაცემის შეფასება. ბალანსს გარეთ სესხის გატანა ეს არ არის არანაირად პროკურატურის კომპეტენცია. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ობიექტური ანალიზი გააკეთონ, გაუფრთხილდნენ ქვეყნის და ყველაზე წარმატებული ინდუსტრიის რეპუტაციას,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.