„ევროპაში გვიცნობენ, როგორც პარაზიტ ხალს, ქართველს ბიბლიოთეკაში ვერ ნახავ, მაგრამ სუპერმარკეტში რაღაცას რომ იპარავს, ნახავ,“ – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, ასე თუ გაგრძელდა, უვიზო რეჟიმს გააუქმებენ და ვინც გარეთ ხართ წასულები, ემიგრაციაში, ყველას მოგაბრძანებენ საქართველოში. ასე იქნება, ვერავინ, ვერსად ვერ გაიქცევით. იმ ხალხს რომ გამოყრიან იქიდან, ნეტა აქ ვის მხარეზე იქნებიან?
ეჭვი მეპარება, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იყოს ისევ. ამიტომ, ჩვენს მოქალაქეებს ვეუბნები, ახალგაზრდებს რომ უნდათ წასვლა, საკუთარი სამშობლო რომ აღარ უნდათ უკვე და გაქცევა რომ გინდათ ძვირფასო მეგობრებო, ვერსად ვერ გაიქცევით, პარაზიტების მიღებას ევროპა არ პირებს,“ – აღნიშნა სანიკიძემ.
წამყვანის შენიშვნაზე, რომ არიან უცხოეთში ადამიანები, რომლებიც პატიოსნად შრომობენ, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია, სანიკიძემ აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი გამონაკლისია.
„ხვიჩა კვარაცხელია არის უნიკუმი, ბრილიანტი, გამონაკლისი, მაგრამ ომის დროს, როდესაც შეფასებები ხდება, ადამიანები უფრო ცუდს აქცევენ ყურადღებას, ვიდრე კარგს. ეს არის ადამიანის ბუნება და ესპანელები რომ ჩართავენ ტელევიზორს და 25 ქართველი ქურდბაცაცა შეყარეს ციხეში, შოთა რუსთაველი და ის პატიოსანი ქართველები, ვინც იქ მუშაობენ, არ გაახსენდებათ. ეს არის ფაქტი.“ – აცხადებს სანიკიძე.
მისივე მოსაზრებით, თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა უახლოეს მომავალში უვიზო რეჟიმი გაგვიუქმონ.
„თუ მტრული სახელმწიფო, რუსეთის ერთგული მოკავშირე, ერთგული მონა და ფეხის მფხანელი ხარ და კიდევ სხვა რაღაცების, რა თქმა უნდა, გაგიუქმებს უვიზო მიმოსვლას, აბა, რას გიზამს, აბა, არ უნდა გაგიუქმოს?
ველურ ქვეყანას რა უნდა ევროპაში. სადაც ქვეყანა, ხელისუფლება არის რუსეთის მხარეზე და კიდევ პოლიტპატიმრებს კლავენ. ჩვენ ვცხოვრობთ საკანში ახლა. არავითარი ვალი დასავლეთს ჩვენს მიმართ არ აქვს. გადაგვასწრებს სომხეთი და დასავლური დროშა დაერჭობა ერევანში.“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „კავკასიის“ ეთერში.