უკრაინის პარტია “ხალხის მსახურის” ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები დასავლურ სანქციებს გვერდს უვლიან და ამისთვის ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ.
ინფორმაციას “დოიჩე ველე” ავრცელებს. გამოცემის ცნობით ამის შესახებ არახამიამ ვაშინგტონში, “მარშალის ფონდის” ღონისძიებაზე განაცხადა.
არახამიას მტკიცებით, რუსები „ქართულ ბანკებს, ფინანსურ სისტემას, ქართულ კომპანიებს და ა.შ.“ დასავლეთის სანქციების რეჟიმის თავიდან ასაცილებლად იყენებენ.
„თუ ხარ სანქცირებული რუსი, შედიხარ ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, დისტანციურად ხსნი საბანკო ანგარიშს და იწყებ დამუშავებას“, – აღნიშნა არახამიამ.
მან ვაშინგტონს მოუწოდა, მიიღოს ზომები, რათა სანქციებისგან თავის დასაძვრენის საშუალება დახუროს.