LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანქციების სრულად აღსრულება არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ კრემლს დამანგრეველი ომის გაგრძელებას გაურთულებს“ – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

130
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სრულად აღსრულება, საქართველოს ეკონომიკას არ დააზარალებს, მაგრამ რუსეთს გაურთულებს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საბაჟო და შემოსავლების სამსახური და ეროვნული ბანკი, შესანიშნავი პარტნიორები არიან და გვჯერა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან, რათა ხელი შეუშალონ რუსეთის მცდელობებს გვერდი აუაროს სანქციებს. სანქციები მეტად ეფექტურია, როდესაც ბადეში არ არის ხვრელები, რომლებიც კრემლზე ზეწოლას ხსნის. ამ სანქციების სრულად აღსრულება არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ კრემლს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას გაურთულებს“ – აცხადებს „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით პასუხში შეერთებული შტატების საგარეო უწყების წარმომადგენელი.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულება, განსაკუთრებით, რუსეთის მეზობლების ინტერესებშია.

„შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის ომი დასრულდეს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა რაც შეიძლება მალე აღდგეს. ამ ომის დასრულება შედის არა მხოლოდ შეერთებული შტატების ინტერესში, არამედ მთელი მსოფლიოს, მათ შორის და განსაკუთრებით, რუსეთის მეზობლების ინტერესებში“ – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო’ბრაიენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა პრობლემას წარმოადგენს და სწორედ ამიტომ სტუმრობს ყაზახეთს, საქართველოს, სომხეთს და სხვა ქვეყნებს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ თურქეთმა დაუყოვნებლივ დააწესა შეზღუდვები და თქვა – ჩვენ არ დავუშვებთ ამ [პროდუქციის] რეექსპორტს. ყაზახეთმა პროცედურების სრულიად ახალი ნაკრები შემოიღო. არაბეთის გაერთიანებული საამიროები მზადაა იმოქმედოს, როდესაც ის კონკრეტული ინფორმაციის წინაშე აღმოჩნდება და რიგი სხვა ქვეყნები იწყებს პროცესების დანერგვას“, – განაცხადა „ამერიკის ხმის“ ცნობით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა.

პოპულალურები