„არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ასეთი ეჭვები გაგვიჩნდეს“, – ასე აფასებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების არიდების მიზნით, ქართული საბანკო სისტემის გამოყენების შესაძლო საკითხს.
კობა გვენეტაძის განმარტებით, ეროვნული ბანკი მჭიდრო თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რის შედეგადაც ბანკებს მუდმივად მიეწოდებათ განახლებული მონაცემები სანქცირებული პირების და ორგანიზაციების შესახებ. გვენეტაძეს თქმით, სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება არც ქართული ბანკების ინტერესში არაა, ხოლო მათ საქმიანობას მუდმივად აკონტროლებს ეროვნული ბანკი, რომელიც ამ მიმართულებით ბანკებში ნებისმიერი გადაცდომის შესაძლებლობას გამორიცხავს.
„ბანკებს შემუშავებული აქვთ თავიანთი პროცედურები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ასეთი რისკების მატერიალიზება არ მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 26 თებერვლიდან, ანუ სანქციების გამოქვეყნებიდან ეროვნულმა ბანკმა მისცა მითითება მის ზედამხედველობაში არსებულ სუბიექტებს, რომ მათ განუხრელად უნდა დაიცვან ის სანქციები, რომლებიც აამოქმედა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა, რაც ნიშნავს, რომ ეს სექტორი განუხრელად იცავს ამ სანქციებს“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.