LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საოცარი გრძნობა გვქონდა, როცა იაპონურ ენაზე დაბეჭდილი სტატია მივიღეთ, რადგან ძალიან უცნაურად და ეგზოტიკურად მოგვეჩვენა თუში მეცხვარეები იაპონური იეროგლიფების ფონზე” – National Geographic Magazine – საქართველოს მთავარი რედაქტორი ნათია ხულუზაური

38
ნათია ხულუზაური

21 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ National Geographic Magazine – საქართველოს მთავარი რედაქტორი ნათია ხულუზაური სტუმრობდა, რომელმაც ქართული გამოცემის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

National Geographic Magazine – საქართველოს მიერ მომზადებული მასალა მრავალჯერ დასახელდა სათავო ოფისის მიერ Best Edit-ად, ჟურნალი ათჯერ დაიბეჭდა ქართული ყდით, გამოქვეყნებული ქართული მასალით მომზადდა ათი დოკუმენტური ფილმი, დაარსდა ფოტოკონკურსი Yourshot-საქართველო, შეიქმნა კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკის ბეჭდური და მუდმივად განვითარებადი ელექტრონული ვერსიები.

2018 წელს National Geographic Magazine – საქართველოს გუნდი ერთ-ერთი პირველი შეუერთდა National Geographic-ის საერთაშორისო ინიციატივას „პლანეტა თუ პლასტმასა“ და უარი თქვა პლასტმასის შეფუთვაზე. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (UNFAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობით კი,  ერთწლიანი პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებში ექსპედიციები მოეწყო სამეგრელოსა და მაღალმთიან თუშეთში. მომზადდა რვა წუთიანი დოკუმენტური ფილმი, რომლითაც 2019 წელს მსოფლიო სურსათის დღე აღინიშნა, მისი სამწუთიანი ვერსია კი, გაეროს ყველა ოფიციალურ ენაზე ითარგმნა.

– ნათია, მრავალმხრივი განათლების ფონზე რას თვლით თქვენს მთავარ მიღწევად?

– ვფიქრობ, სწორედ მრავალმხრივი განათლების წყალობით ვხელმძღვანელობ დღეს National Geographic Magazine-ს, რადგან ჩემთვის წარმოუდგენელია უფრო ფასეული ჯილდოს მიღება.

– რა არის თქვენი გუნდის მთავარი მისია?

– რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი სრულად იზიარებს National Geographic-ის მისიასა და ხედვას, რაც ბრწყინვალედ გამოიხატა სლოგანით – „ჩვენ გვჯერა, რომ მეცნიერების, კვლევის, განათლების და თხრობის ძალას სამყაროს შეცვლა შეუძლია!“ ვფიქრობ, მთავარი სამყაროს საოცრებების შემეცნება, მათი დაცვა და გადარჩენაა.

– რამდენ ადამიანს აერთიანებს National Geographic-ის გუნდი?

– მართალია, National Geographic-ის მუდმივი შტატი მხოლოდ 10 ადამიანს აერთიანებს, მაგრამ არაჩვეულებრივი ავტორების, ფოტოგრაფების და მთარგმნელების უზარმაზარი არმია გვყავს, რომელიც წლების მანძილზე ერთგულად ემსახურება ჩვენს გამოცემას.

– ათწლიანი ისტორიის ფონზე რით ამაყობთ ყველაზე მეტად?

– ძალიან მომწონს თუშეთის სტატია, რომელიც ჯერ ქართული, მერე 4 უცხოური გამოცემის ყდაზე დაიბეჭდა, საერთო ჯამში კი, 11 გამოცემამ დაბეჭდა სათავო ოფისის ჩათვლით. ვფიქრობ, სწორედ ამ სტატიით დავუმტკიცეთ ყველას, რომ ქართული გუნდი ნამდვილ პროფესიონალებს აერთიანებს და ყოველთვის საუკეთესო ისტორიებზე მუშაობს. საოცარი გრძნობა გვქონდა, როცა იაპონურ ენაზე დაბეჭდილი სტატია მივიღეთ, რადგან ძალიან უცნაურად და ეგზოტიკურად მოგვეჩვენა თუში მეცხვარეები იაპონური იეროგლიფების ფონზე.

– რამდენიმე სფეროში საქმიანობის ფონზე, რას თვლით თქვენს მთავარ პრიორიტეტად?

– უამრავი საქმის მიუხედავად, მაინც გამოცემაზე ვარ კონცენტრირებული, რადგან რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მაინც სულ ჟურნალზე, სამომავლო გეგმებზე ვფიქრობ.

– რას გეგმავთ სამომავლოდ?

– ძალიან საინტერესო ნომერს ვამზადებთ იანვრისთვის, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ საახალწლო ნომერში სწორედ ის მასალა დაიბეჭდება, რომელზეც რამდენიმე წელი ვიმუშავეთ. ამასთანავე, ძალიან გვინდა ჩვენი სტატიების აუდიოვერსიების მომზადება, რომელთაც ცნობილი მსახიობები გააცოცხლებენ და ერთგვარ დადგმად შესთავაზებენ მსმენელს.

– რამდენად პოპულარულია ბეჭდური მედია სხვა მედია საშუალებების ფონზე?

– რა თქმა უნდა, დღეს ბეჭდური მედია ყველაზე რთულ მდგომარეობაშია, რადგან ოპერატიულობას მოკლებულს ძალიან უჭირს თანამედროვე სამყაროს დაწევა. ვფიქრობ, ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა – ხარისხია, რადგან მხოლოდ ასე შეგვიძლია აქტუალურობის შენარჩუნება. მიხარია, რომ National Geographic-ი, რომელსაც დაარსების დღიდან ჰყავს საკუთარი მკითხველი, დღესაც ძალიან პოპულარულია, რაც პანდემიის დროსაც დადასტურდა, როცა რამდენიმე ნომერი მხოლოდ ციფრული ვერსიით გამოუშვით და ძალიან გული დავწყვიტეთ ჩვენს მკითხველს, რადგან ვერ შეძლო ჟურნალის შეძენა.

– რას თვლით თქვენს მთავარ გამოწვევად?

– ვფიქრობ, გამოწვევები და გარკვეული სირთულეები ყოველთვის იქნება, თუმცა სწორედ სირთულეების დაძლევა გვაძლიერებს და გვეხმარება განვითარებაში.

– რა პრინციპით მუშაობს National Geographic-ის გუნდი?

– ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი გვაქვს. რა თქმა უნდა, გუნდის ყველა წევრს თავისი მოვალეობა და პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ მეტწილად მაინც ერთად ვმუშაობთ, კოლექტიურად ვფიქრობთ და გადაწყვეტილებასაც ერთად ვიღებთ.

– რას აფასებთ თანამშრომლებში ყველაზე მეტად?

– მთავარი შრომისმოყვარეობა, საქმის სიყვარული და ერთგულებაა. ხშირად ვიმეორებ, რომ სწორედ ჩვენ ვართ National Geographic-ის სახე საქართველოში, რაც უზარმაზარ პასუხისმგებლობას გულისხმობს, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს რას ნიშნავს 135-წლიანი ისტორია და ყვითელი ჩარჩო, რომელიც ჩვენი გამოცემის სიმბოლოა.

– როგორია იდეალური ხელმძღვანელი?

– ალბათ ის, ვინც თანამშრომლებს აფასებს და ნებისმიერ თემაზე შეუძლია დისკუსიის გამართვა, რთულ სიტუაციაში კი, საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– სიტუაციას გააჩნია, თუმცა მაინც სწრაფად მირჩევნია გადაწყვეტა.

ბლიცკითხვები –

– სად ისვენებთ ყველაზე კომფორტულად?

– სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად.

– რამდენად კარგი კულინარი ხართ?

– სამზარეულო და კულინარია პანდემიის დროს აღმოვაჩინე და ძალიან მომეწონა.

– კერძი, რომელიც განსაკუთრებით გემრიელად გამოგდით?

– კვერცხის სალათი მაიონეზით.

– გაქვთ თუ არა საყვარელი წიგნი?

– მიყვარს „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ და ვინი ჰუჰი. საერთოდ ძალიან მომწონს ვინის ფილოსოფია და მისი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ.

– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– მეუღლეს.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ძალიან მომწონს თქვენთან ყოფნა.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– გაღიმებულ გოგონას და ბიჭს.

– თქვენი აზრით, რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად?

– შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და მუდმივად სიახლისკენ სწრაფვა, რადგან მხოლოდ ისაა წარმატებული, ვინც არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები