LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მეჯვრისხევისა და ჯარიაშენის გასწვრივ უკანონო აქტივობაა – “სუსის” განცხადება

92
12131.png

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო, დესტრუქციულ ქმედებებს განცხადებით ეხმაურება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ეს საკითხი ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად დაისვა 20 იანვარს, ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 104-ე შეხვედრაზე.

„მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და სხვა ტიპის უკანონო აქტივობები განახორციელეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან და მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის გასწვრივ არსებულ საოკუპაციო ხაზზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება“, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული პროვოკაციული აქტივობის თითოეულ ფაქტზე, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა, როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

„ასევე, გვსურს განვმარტოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა წარმოადგენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს“, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.