LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ი – პანკისის ხეობაში, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს” წევრი, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს 

105
sus

პანკისის ხეობაში, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაერთიანდნენ და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, უცხო ქვეყნიდან გარკვეულ მითითებებს იღებდნენ.

ლაშა მაღრაძის განმარტებით, დაკავებული პირები პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ე.წ. „ჯამაათის“ ჩამოყალიბებას და ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ, რისთვისაც სხვადასხვა ლოკაციაზე აწყობდნენ ფარულ, კონსპირაციულ შეხვედრებს და ეწეოდნენ ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას.

„კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასულ ღამეს, პანკისის ხეობის სოფლებში: ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები გაერთიანდნენ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, უცხო ქვეყნიდან იღებდნენ გარკვეულ მითითებებს. ისინი პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ე.წ. „ჯამაათის“ ჩამოყალიბებას და ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ, რისთვისაც სხვადასხვა ლოკაციაზე აწყობდნენ ფარულ, კონსპირაციულ შეხვედრებს და ეწეოდნენ ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, დაკავებულებისა და მათთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიმართ, მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ტარდებოდა შესაბამისი სამართლებრივი, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა, მათი სიმბოლიკის ამსახველი ნივთები და პირადი დოკუმენტები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით,“ – განაცხადა მაღრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g