LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივით მინსკში ბიზნესფორუმი ჩატარდა

75

„საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივით, მინსკში ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორმა კომპანიებმა მიიღეს.

ფონდის ინფორმაციით, მინსკის ფორუმზე სინგაპურის, კორეის, ჩინეთისა და ჰონგკონგის ბიზნეს დელეგაციები იყვნენ წარმოდგენილნი. მათივე ცნობით, ბელარუსი ახალი პლატფორმაა აბრეშუმის გზის პროექტში ჩართული ქვეყნებისთვის, სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების, გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის მიზნით. ფორუმი საუკუნის პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ იმპლემენტაციისა და საინვესტიციო პერსპექტივების, ასევე, რეგიონის ქვეყნებს შორის ინტეგრაციული პროცესებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხებს მოიცავდა.

მინსკის ბიზნესფორუმს ორგანიზება ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ გაუწია, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად, სიტყვით წარსდგა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი და შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტში მუდმივმოქმედი წარმომადგენელი დავით საგანელიძე.

დავით საგანელიძემ სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა საქართველო-ბელარუსის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლასა და საქართველოდან ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური პროდუქტების ბელარუსში ექსპორტის საკითხს. ეს გადაწყვეტილება საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტისას მიიღეს.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა მოვახსენო ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ალექსანდრ ლუკაშენკოს. სწორედ, მისი მხარდაჭერით, მინსკში დავაარსეთ შვილობილი კომპანია, რომელიც ქართულ ნატურალურ პროდუქტებს ბელარუსის ბაზარზე შეიტანს, რაც დადებითი ფაქტორია, როგორც მოსახელოებისთვის, ასევე – ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად“. – განაცხადა ფორუმზე დავით საგანელიძემ.

დავით საგანელიძემ „საპარტნიორო ფონდის“ შესახებ გააკეთა პრეზენტაცია და თავის მოხსენებაში „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ საერთაშორისო თანამშრომლობისათვის მნიშვნელობისა და საუკუნის პროექტში საქართველოს როლის შესახებ ისაუბრა. „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა ფორუმის ფორმატით მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებებსა და მთავარ მიზნებზე გაამახვილა ყურადღება, რაც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში კორპორაციების, ინდუსტრიების, ფინანსური ინსტიტუტების, მთავრობებისა და სამეცნიერო საზოგადოებებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის შეთავაზებას წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g