LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქოს ფინანსურ საქმიანობას პროკურატურა ფარულად სწავლობს

97

ციანიდის საქმის სასამართლო განხილვის დაწყების თარიღი ახლოვდება და პრესაც გააქტიურდა ამ თემით. დღევანდელი გაზეთი „ვერსია“ არ გამორიცხავს დიდი საეკლესიო შეთქმულება დეკანოზ გიორგი მამალაძის სკანდალური ჩვენებით გაგრძელდეს და დაკავებულმა დამკვეთები დაასახელოს. ვის გაიყოლებს გიორგი მამალაძე ციხეში – ეს ერთი კითხვაა. მეორე კი, საპატრიარქოს ფინანსური საქმიანობაა, რომელსაც სავარაუდოდ პროკურატურა ფარულად სწავლობს. ვერსიის ვერსიით – ”ციანიდის საქმე საეკლესიო ინტრიგების ერთ-ერთი ეპიზოდია, რომელიც დიდი ალბათობით შეიძლება, ახალი, უფრო დიდი სკანდალის ერთგვარი გასაღები იყოს”, ანუ ციანიდის საქმე შესაძლოა საბაბად იქცეს და საპატრიარქოში ფინანსური მაკონტროლებლები შევიდნენ.
რა ჯდება შს მინისტრის ბინის შენახვა

გაზეთი „ახალი თაობა“ შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ქონებით ინტერესდება და წერს, რომ მაშინ, როცა სამინისტროს კამერების შესაძენად ფულის გამოყოფა უჭირს, მინისტრის საცხოვრებელ სახლში ყოველთვიურად 7 000 ლარამდე იხდის. დეკლარაციის მიხედვით კი მინისტრს ორი სახლი აქვს – ბინა 142 კვ.მ. ყაზბეგის ქუჩაზე და ორსართულიანი სახლი, მაგრამ ის იპოდრომთან ცხოვრებას ამჯობინებს და მის ბინაში ბიუჯეტიდან წელიწადში 70 ათას ლარამდე იხდიან.

გაზეთი „ახალი თაობა“ მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ქონებრივი დეკლაპარაციის პარალელურად ცესკოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების შემოსავლებითაც ინტერესდება და ორგანიზაცია მედიატორის მიერ ჩატარებულ მორიგ კვლევას აქვეყნებს. ირკვევა რომ თამარ ჟვანიამ მიმდინარე წლის 4 თვეში 38 500 ლარი აიღო და აქედან პრემია-დანამატს 16 500 ლარი შეადგენდა. შემოსავლებს არც თამარ ჟვანიას მოადგილეები იკლებენ და როგორც კვლევამ აჩვენა ჟვანიასა და მისი 2 მოადგილის შენახვა 4 თვეში ბიუჯეტს 103 600 ლარი დაუჯდა.
მმართველ გუნდში დიდი ვაჭრობა დაიწყო

„რეზონანსი“ საკონსტიტუციო ცვლილებებით ინტერესდება და წერს, რომ ცვლილებების მხარდასაჭერად თავად უმრავლესობაში დაიწყო დიდი ვაჭრობა. კერძოდ, საკონსტიტუციო ცვლილებების დარეგისტრირებისას მმართველმა გუნდმა მხოლოდ 108 ხელმოწერის დაფიქსირება შეძლო. მმართველ გუნდში კი 116 დეპუტატია და როგორც ჩანს ყველა მომხრე არ არის არსებული ცვლილებებისა. „რეზონანსი“ წერს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად საჭირო 113 ხმის მოგროვებას სასიცოცხლოდ საჭირო 4 ხმას ”ოქროს ფასი” დაედო და სწორედ თავად მმართველ გუნდში მიმდინარეობს დიდი ვაჭრობა არსებულ საკითხზე.

რატომ გაიზრდება ელექტროენერგიის ტარიფი

დღევანდელი პრესა კომუნალური გადასახადების გაზრდაზე წერს, კერძოდ ბუნებრივ აირსა და ელექტრო ენერგიაზე. ბუნებრივ აირზე ტარიფის მატება გარდაუვალია, სემეკი უკვე განიხილავს შესაბამისი კომპანიებს განაცხადს ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით. თუმცა დღევანდელი „რეზონანსი“ არ გამორიცხავს, რომ ტარიფი ელექტროენერგიაზეც მოიმატებს. ელექტროენერგიის იმპორტი დიდი სისწრაფით იზრდება და წლის პირველ 4 თვეში ლამის ორჯერ მეტი ელექტროენერგიის შეძენა დაგვჭირდა მეზობელი ქვეყნებიდან, ვიდრე შარშან მთელი წლის განმავლობაში. დიდია ალბათობა სამომავლოდ ძვირმა ელექტროენერგიამ თავისი გავლენა მოახდინოს სამომხმარებლო ტარიფზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები